ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ერაყში სამოქალაქო ომისათვის უნდა მოემზადოს


ამერიკაში ახლო აღმოსავლეთის საკითხთა ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამერიკა ერაყში სამოქალაქო ომისათვის უნდა მოემზადოს.

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტ ბუშის მიერ მიღებული, ერაყში დამატებითი 20-ი ათასი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება, ერაყში სიტუაციის გამოსწორებილად გადადგმული საბოლოო ნაბიჯია. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორს, ბრუკინგსის ინსტიტუტში მოღვაწე ახლო აღმოსავლეთის ექსპერტს კენეტ პოლაკს მიაჩნია, რომ ამერიკელ და ერაყელ ოფიციალურ პირებს სამოქალაქო ომისათვის მზადება მოუწევთ:

“თავისთავად სრულმასშთაბიანი სამოქალაქო ომის დაწყება ერაყში ტრაგედია იქნება, მაგრამ სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის ერაყის ფარგლებს გარეთ გამოსვლა ნამდვილ კატასტროფას მოასწავებს”.

ანგარიში, ერთწლიანი კვლევის შედეგია. ერაყის პოტენციურად ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მცდელობით, მკვლევარები შეისწავლიდნენ სამოქალაქო ომებს იუგოსლავიაში ავღანეთსა და ლიბანში.

ერაყში სრული კრახის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპება, გაჩნდება მილიონობით ლტოლვილი, ქვეყანა ტერორისტების ბუნაგად გადაიქცევა და ამერიკის გავლენა ახლო აღმოსავლეთში საგრძნობლად დაეცემა. აღნიშნულია ანგარიშში.

“შედეგები ხალხისათვის ძალზე მტკივნეულია. და მე ვიტყოდი, რომ კიდევ უფრო მტკივნეულია იმიტომ, რომ ეს პრობლემები ამერიკის ინტერვენციის გამო წარმოიშვა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკელთა აზრით, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ მსოფლიოზე, რეგიონზე და თავად ერაყზე ეს შეერთებული შტატების მიერ გამოწვეული პრობლემაა. სწორედ ამიტომაც სწორედ შეერთებული შტატებს მოეთხოვება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა”.

ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის უშიშროების საკითხთა სწავლების პროგრამის დირექტორი დენ ბიმანი.

იმ შემთხვევაში თუ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი მაინც დაიწყო, აღნიშნულია ანგარიშში ამერიკამ უნდა გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები ერაყის დიდი დასახლებებიდან და კონფლიქტის ლოკალიზაციაზე უნდა იზრუნოს.

ავტორები ერაყის სასაზღვრო ზოლის კარგად დაცვის რჩევას იძლევიან. რათა აქ ლტოლვილთა ბანაკები შეიქმნას და ტერორისტთა გადაადგილებაც შეიზღუდოს.

“იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის გეგმა ჩაიშლება, მე ვერ წარმომიდგენია თუ როგორ უნდა დავრჩეთ ერაყში. მაგრამ თუ ჩვენ უბრალოდ გამოვალთ ქვეყნიდან, ეს აუცილებლად გამოიწვევს სამოქალაქო ომს, რომელიც ერაყის საზღვრებს გასცილდება, ან ძლიერ რეგიონალურ ომს. ასე იქნება თუ ისე, ორივე შემთხვევაში მოხდება რეგიონის დესტაბილიზაცია, მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან ნავთობის საბადოებს საფრთხე შეექმნება და კიდევ მრავალი ნეგატიური მოვლენა განვითარდება”.

ამბობს ექსპერტი კენეტ პოლაკი.

მართალია ავტორები ხვდებიან, რომ მათი მოსაზრება ამერიკაში დიდ ოპოზიციას დაუპირისპირდება, მაგრამ ისინი თვლიან, რომ აუცილებელია შეერთებული შტატების გაფართოებული სამხედრო კონტინგენტის ერაყში ყოფნის ვადის გაგრძელება.

დენ ბიმანი ფიქრობს, რომ ერაყის კონფლიკქტი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იმოქმედებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე.

“ის სიძნელეები, რომლებსაც ჩვენ ერაყში განვიცდით, ისეთი ზლიერი ეფექტით გამოირჩევიან, რომ მინიმუმ მომავალი 10-თი წლის განმავლობაში, ამერიკელ პოლიტიკოსებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა ერაყთან მიმართებაში გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. მოგვწონს ეს თუ არა, მაგრამ ერაყი მთელს რეგიონთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკის განმსაზღვრელად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება”. ასრულებს ბატონი ბიმანი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყის ომის სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომად გადაქცევის თავიდან აცილება ძალზე ძვირი, მტკივნეული და სისხლიანი საქმეა. აქვე განცხადებულია, რომ ასეთი შესაზლებლობის არსებობის იგნორირება და გეგმის უქონლობა კონფლიქტს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

XS
SM
MD
LG