ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა კონგრესს მოუწოდა მხარი დაუჭიროს მის ახალ სტრატეგიას ერაყში


პრეზიდენტმა ბუშმა მის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ამერიკის დამარცხება ერაყში. მისივე თქმით გადაწყვეტილება დამატებითი ოცი ათასი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლონ ერაყში წარმატების საწინდარია.

-”თუ ამერიკული ძალები უკან დაიხევენ და ბაღდადს დასტოვებენ, ერაყის მთავრობა ექსტრებისტების პირისპირ დარჩება. ადგილი ექნება მძიმე ბრძოლებს ირანის მხარდაჭერის მქონე შიიტ მუსლიმებსა და სუნიტთა შორის, რომელთაც მხარს ალყაიდა უჭერს. საბოლოო ანგარიშში ძალმომრეობამ შეიძლება მთელი რეგიონი მოიცვას”- განაცხადა პრეზიდენტმა.

დემოკრატები, რომლებიც დღეს კონგრესს აკონტროლებენ და ზოგიერთები რესპუბლიკური პარტიიდან სკეპტიკურად უყურებენ პრეზიდენტ ბუშის ამ გეგმას. პრეზიდენტმა შეახსენა აუდიტორიას, რომ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ მანამ გაგრძელდება, სანამ წერტილი არ დაესმება ტერორისტების მიერ უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტვას. მისივე თქმით ამერიკის ინტერესებშია ახლო აღმოსავლეთში იმ რეფორმისტებს გაუწიონ დახმარება, ვისაც ზომიერი პოციცია უკავია. მან კერძოდ თქვა:

-”ჩვენ ჩვენივე ინტერესებს მოვემსახურებით, თუ დახმარების ხელს გაუწვდით იმ ზომიერი პოზიციის მქონე რეფორმისტებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის დამყარებისათვის იბრძვიან.”

შეეხო რა საგარეო პოლიტიკის საკითხებს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავაც დაუჭერს მხარს თავისუფლებას კუბაში, ბელარუსში და ბირმაში.

პრეზიდენტის სიტყვის უმეტესობა დაეთმო ქვეყნის შინაგან პოლიტიკას. პრეზიდენტი ბუში მოითხოვს მომავალი ათი წლის განმავლობაში ამერიკის მიერ ბენზინის მოხმარების ოცი პროცენტით შემცირებას. როგორც მან თქვა ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოხდება ავტომობილების მიერ ბენზინის წვის სტანდარტების კიდევ უფრო დახვეწა, ისევე როგორც საწვავის ალტერნატიული სახეების, მაგალითად ეთანოლის გამოყენების დაწყება.

პრეზიდენტმა აგრეთვე გააკეთა მოწოდება იმიგრაციის დარგში რეფორმების გატარების შესახებ.

საგულისხმოა, რომ CBS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა მხოლოდ ოცდარვა პროცენტი არის კმაყოფილი იმით, თუ როგორ ართმევს თავს თავის მოვალეობებს პრეზიდენტი ბუში. ამავე გამოკითხვის თანახმად ამერიკელთა ორი მესამედი არ არის კმაყოფილი პრეზიდენტის გეგმით ერაყში დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლის თაობაზე.

XS
SM
MD
LG