ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში არსებული ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის პრობლემები


რუსეთიდან სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვის ზრდის შესახებ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ მოსკოვში მოქმედი „არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის” თავმჯდომარეს ალექსანდრ ბელოვს, მოსკოვის „ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის” დირექტორს ალექსანდრ ვერხოვსკისა და შეერთებული შტატების ჰადსონის უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერს, ანდრეი პიონტკოვსკის.

მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ეგრეთწოდებულ „საზოგადოების მდაბიო ფენების ნაციონალიზმს”, ბოლო პერიოდში „ხელისუფლების მაღალი ეშელონების ნაციონალიზმიც” ერწყმება, რომელსაც როგორც ყოველთვის პირველ რიგში საკუთარი ცინიკური მიზნები ამოძრავებს, გვეუბნება ბატონი პიონტკოვსკი.

„როდესაც სახელმწიფოს მეთაური, განათლებით თავად იურისტი, ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენ ვიცით, საუბრობს რუსეთის მკვიდრ მოსახლეობაზე და მასთან დაპირისპირებულ, მე ციტირებას ვალეთებ, ნახევრად-დანაშაულებრივ ეთნიკურ დაჯგუფებებზე, ეს უდაოდ უკვე ქსენოფობიისა და ნაციონალიზმის წახალისებას წარმოადგენს”. აღნიშნავს ბატონი პიონტკოვსკი.

რუსეთში შეერთებულ შტატებთან შედარებით, რასობრივ და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი დაახლოებით 100-ჯერ უფრო ნაკლებია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი დანაშაული ჩვეულებრივი ყოველდღიური დანაშაულების რიცხვს არ განეკუთვნება. გამონაკლისს წარმოადგენს. მაგალითად შარშან რუსეთში საერთო ჯამში 3 მილიონ 500 ათასამდე სისხლის სამართლის დანაშაული აღირიცხა, აქედან ეთნიკურ-რასობრივ ნიადაგზე მხოლოდ მხოლოდ 180 იყო ჩადენილი. ანუ ქსენოფობია ჩვენს ქვეყანაში პრობლემას არ წარმოადგენს.

„მე ვთვლი, რომ თანამეგობრობის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი უნდა არსებობდეს. მაგალითად საქართველოსთან ასეთი რეჟიმი არსებობს და მშვენივრადაც მუშაობს. მე არასდროს გამიგია, რომ რუსეთს ვინმე გერმანელი ესტუმროს და თან 100 კილოგრამი ჰეროინი ჩამოიტანოს. ტაჯიკები კი ამას ხშირად აკეთებენ. რაოდენ ირონიულია, რომ გერმანელს ჩვენთან ჩამოსასვლელად ვიზის მიღება ესაჭიროება და ტაჯიკს კი არა.” ვახდენ „არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის” თავმჯდომარე ალექსანდრ ბელოვი.

„რუსეთში ძალზე ძლიერი ქსენოფობიური ფონი აღინიშნება. მრავალი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვადასხვაგვარ ქსენოფობიურ ლოზუნგებსა თუ ქმედებას უჭერს მხარს” გვეუბნება მოსკოვის „ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის” დირექტორი ალექსანდრ ვერხოვსკი.

„არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის” თავმჯდომარე ალექსანდრ ბელოვი თვლის, რომ რუსეთმა იაპონიასა და შვეიცარიას უნდა მიბაძოს, სადაც დემოგრაფიული პრობლემების მიუხედავად, იმიგრაცია მაინც შეზღუდულია.

ბატონი პიონტკოვსკი კი თვლის, რომ დემოგრაფიულ პრობლემას ვერც ეკონომიკური და ვერც პოლიციური გადაწყვეტილებების მიღება მოაგვარებს.

„ყველაზე მძაფრად ეს პრობლემა შორეულ აღმოსავლეთში დგას, დემოგრაფიულად ჩვენ ამ ტერიტორიებს ვკარგავთ. იქ ჩვენი მოსაზღვრე ჩინეთია, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიარდს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მრავალი ხელშეკრულებისა, ჩინეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთის ისტორიულ კუთვნილებათაა ჩათვლილი და ამ სახელმძღვანელოებში წერია, რომ ეს მიწები ჩინეთს მეფის რუსეთმა წაგლიჯა” აგრძელებს თემას ბატონი პიონტკოვსკი.

„ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის” დირექტორი ალექსანდრ ვერხოვსკი ფიქრობს, რომ პრობლემები, რომლებიც ქსენოფობიას აღვივებს, რუსეთის საზოგადოებაში ჯერ-ჯერობით დაძლეული არ არის.

„ჩვენთან არსებული ანტიდასავლური განწყობილება 1990-ანი წლების იუგოსლავიის კონფლიქტმა კიდევ უფო გააძლიერა. ქსენოფობიის გაღვივებას აგრეთვე ჩეჩნეთის ომი და ისლამოფობიაც ეხმარება. წინათ ხალს იმიგრაცია არ ანაღვლებდა, ახლა კი აღელვებს”. აგრძელებს ბატონი ვერხოვსკი.

„, რუსეთის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებასთან დაკავშირებით დიდ სიძნელეებს აწყდებიან. ჩვენი ქვეყნის ღარიბი მხარის მაცხოვრებელს, მაგალითად დაღესტნელს, ქვეყნის სხვა რეგიონში საშოვარზე წასვლა უძნელდება და სწორედ ეს იწვევს უცხოელი იმიგრანტების შემოსვლას”. დაასრულა ჩვენთან საუბარი „ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის” დირექტორმა ალექსანდრ ვერხოვსკიმ.

XS
SM
MD
LG