სამი დღე დარჩა და 2006 წელი დაგვემშვიდობება. როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში ამ წლის ბოლოს? ხვალ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ ,ზურაბ ნოღაიდელს ელიან. პრემიერმა პარლამენტარებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს. 2007 წლის ბიუჯეტის ნაწილი, წინა წლებთან შედარებით 4 მილიარდი ლარით მეტია. ბიუჯეტს პარლამენტი ხვალვე დაამტკიცებს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს, ვინაიდან პარლამენტის წევრები, მათივე თქმით, ბიუჯეტს არ იცნობენ, ახალმა მემარჯვენეებმა უმრავლესობას საკითხის გადადებაც შესთავაზეს, მაგრამ გადაწყვეტილებებს უმაღლეს საკონონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ღებულობს, რომელსაც ბიუჯეტის დამტკიცება ხვალ უკვე გადაწყვეტილი აქვს.
ქართველი პოლიტიკოსები გალის რაიონში განვითარებულ მოვლენებს შეფასებას აძლევენ, სადაც მდგომარეობა იძაბება. ამჯერად სოფელ ოტობაიაში 150-კაციანი დაჯგუფება შეიჭრა, ხალხს სახლებში უვარდება და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს. კანონმდებლები - უმრავლესობაც და ოპოზიციაც, ამჯერად ერთხმად აცხადებენ, რომ ამ პროცესში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა რურუას განცხადებით სეპარატისტთა ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადექვატური რეაქცია მოჰყვება. თავის პირობებს უყენებს თბილისს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პირველი პირი კოკოითი, რომელიც უარს ამბობს მოლაპარაკებებზე სახელმწიფო მინისტრთან კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მერაბ ანთაძესთან და აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტთან გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა ქალაქი ფოთი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოაცხადა, რომელიც პრეზიდენტის განცხადებით არა მხოლოდ გურიას, არამედ მთელ საქართველოს მოემსახურება: ფოთში საწარმოს დარეგისტრირება 15 წუთში მოხდება; დავებს 1-2 დღეში გაარჩევენ; კანონი იკანონებს და ბიუროკრატია არ იარსებებს. ფოთში ექსპორტისა და მწარმოებლებისთვის იდეალური პირობები შეიქმნება. - ამ პროგრამას ჩვენ მომავალ 2007 წელს განვახორციელებთ, - განაცხადა მ. სააკაშვილმა ბიზნესმენებთან გუშინდელ შეხვედრაზე. საქართველოს გზის ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ქართველ ხალხს გაღვიძებისკენ მოუწოდა. დამდეგი შობა-ახალი წლის მილოცვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 2006 წლის ყველა ნეგატიური და პოზიტიური ეპიზოდი დაასახელა, თუმცა ამ ჩამონათვალში ნეგატიური უფრო მეტი აღმოჩნდა, რაზეც თავადაც მწუხარება გამოთქვა. საქართველოს გზის ლიდერის აზრით, 2006 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის და დაუსჯელობის წელი.
მისივე თქმით საქართველოში გრძელდება დაპატიმრებების ტალღა. რომ საზოგადოებაში შიშის სინდრომი მკვიდრდება. დაწესებულია სახელმწიფო რეკეტი და მეწარმეები შიშის ქვეშ იმყოფებიან. უცხოელი ინვესტორები იძენენ საქართველოში კაპიტალს, რომელიც ქართველებისთვის მიუწვდომელია და ა.შ.
სალომე ზურაბიშვილმა კონფერენცია იგივე სიტყვებით დაასრულა რითაც დაიწყო, რომ 2007 წელს ქართველი ხალხი უარესს მიიღებს, თუ არ მიხვდება, რომ ქვეყნის მომავალი მასზეა დამოკიდებული. გაიღვიძეთ! სალომე ზურაბიშვილს კომენტარისთვის მივმართე თუ როგორ წარმოუდგენია მას საზოგადოების გაღვიძება? ,, _ თავისი სიტყვა თქვას . ეს იქნება საჯაროდ, პრესის საშუალებით, გამოსვლებით. მე არა ვარ მომხრე ქუჩის გადატრიალების, მაგრამ მომხრე ვარ გამოსვლების ზოგ შემთხვევაში. არ შეიძლება პასიური იყოს საზოგადოება, როცა გაზს არ აწვდიან ნახევარ რეგიონებს, როცა ყველა სფეროში კრიზისია’’