ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სისხლისღვრა გრძელდება დარფურში


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტაბო მბეკი ვაშინგტონში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა. მბეკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტი იზიარებს აზრს დარფურში მშვიდობისმყოფელთა რაოდენობის გაზრდის შესახებ.

"ვიმედოვნებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დროულად დაამტკიცებს დარფურში სამშვიდობო ჯარების დამატებითი კონტიგენტის განლაგების გადაწყვეტილებას. ეს აუცილებელი საკითხია, და პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. აფრიკის სახელმწიფოთა მხრიდან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა სამშვიდობო ძალების დამატებითი კონტიგენტის განლაგებას პრობლემები არ შეექმნას დარფურში. “ ამბობს ტაბო მბეკი.

ჯორჯ ბუში კი აცხადებს, რომ აუცილებელია გაერომ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა სუდანის მთავრობასთან თანამშრომლობით დარფურში სამშვიდობო ძალის წარმატება უზრუნველყონ. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით:

“ პრეზიდენტ მბეკისთან მე უკვე გამოვთქვი ჩემი შეშფოთება დარფურში არსებული სიტუაციის გამო. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერი იზიარებს იმ პოზიციას, რომ პრობლემა მართლა ჩიხშია მოქცეული. თუმცა ახლა ჩვენი მოქმედების დროა. “ ამბობს ჯორჯ ბუში.

შეგახსენებთ, რომ დარფურში ბრძოლები 2003 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც სუდანის მთავრობის მიერ დარფურის რეგიონისადმი იზოლაციონისტური პოლიტიკით იმედგაცრუებულმა მეამბოხე ძალებმა იარაღი აიღეს ხელში. მოთარეშეებმა სუდანის სამთავრობო ობიექტები დაიკავეს. ქვეყნის მთავრობა, დაპირისპირებაში საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება ჯანჯავედის მონაწილეობით ჩაერთო.

შიმშილის, დაავადებისა და შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დარფურში უკვე 200-ი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორ მილიონზე მეტი ადამიანი დარფურში ლტოლვილთა ბანაკებს, ან მეზობელი ჩადისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიას აფარებს თავს. კონფლიქტმა, მთლიანობაში ოთხი მილიონ სამასი ათას ადამიანზე იმოქმედა.

2006 წლის მაისში, სუდანის მთავრობა და მეამბოხე დაჯგუფებები შეთანხმდნენ დეკლარაციის პრინციპებზე, რომელიც დაპირისპირების აღკვეთისკენ, დარფურში მიწის ტომთა მფლობელობისა და რეგიონის ავტონომიის შესახებ მოუწოდებდა მხარეებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, გაეროს უშიშროების საბჭომ მანდატი გაუგრძელა გაეროს დარფურის მისიას სუდანში. გადაწყვეტილება ასევე გულისხმობდა აფრიკული კავშირის 7დ ათასიანი სამხედრო შენაერთის გაეროს დაქემდებარებაში გადაცემას.

მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, დარფურში დღესაც გრძელდება სისხლისღვრა. სუდანის მთავრობა კი წინააღმდეგია იქ გაეროს ძალების განლაგებისა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა შეძრწუნებულია დარფურში მიმდინარე გენოციდით.

სუდანში გაჩაღებული კონფლიქტი, აშშ პრეზიდენტის განცხადებით, მეზობელ ჩადისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც გავრცელდა. ბატონი ბუშის თქმით, ამერიკა სუდანის მთავრობას და მეამბოხე დაჯგუფებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი თანაარსებობისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG