ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეგენდარული ჯეიმს ბრაუნის გახსენება


25 დეკემბრის დილას ატლანტის საავადმყოფოში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ჯეიმს ბრაუნი.

1965 წელს სიმღერის “I GOT YOU (I FEEL GOOD)” გამოსვლის შემდეგ ჯეიმს ბრაუნი რითმ ენდ ბლიუზის ვარსკვლავიდან პოპ ვარსკვლავად გადაიქცა, რასაც მისი აუდიტორიის მნიშვნელოვანი გაზრდა მოჰყვა თან. ჯეიმს ბრაუნი 1933 წლის 3 მაისს სამხრეთ კაროლინის დაბა ბარნველში დაიბადა. მამამისი ჯო ბრაუნი ხის მჭრელი იყო. შვიდი წლისა იყო ჯეიმს ბრაუნი, როდესაც მისი ოჯახი ჯორჯიის შტატის ქალაქ ავგუსტაში გადავიდა. სულ პატარა იყო, როდესაც გიტარაზე, ფორტეპიანოზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა შეისწავლა. თუმც, უნდა ითქვას, რომ მან ნამდვილი მუსიკალური განათლება ადგილობრივ ეკლესიაში მიიღო გახდა რა ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი და ზედმიწევნით შეისწავლა გოსპელი. მოგვიანებით მასზე ძალზე დიდი ზეგავლებნა მოახდინა ჯაზისა და რითმ ენდ ბლიუზის პოპულარულმა შემსრულებელმა ლუის ჯორდანმა.

-”ჩემზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლუის ჯორდანმა, რომელმაც პირველმა ჩაწერა სიმღერა კალდონია და კიდევ რამოდენიმე სიმღერა, რომლებიც ძალზე პოპულარული იყო 40-იან და 50-იან წლებში.”-თქვა ერთ ერთ ინტერვიუში ბრაუნმა.

13 წლის ასაკში ჯეიმს ბრაუნი საკუთარ ტრიოს აყალიბებს. მოგვიანებით იგი ხდება ანსამბლის “THE FLAMES”-ის წევრი, რომელიც ძირითადად რითმ ენ-ბლიუზის სტილში უკრავდა. ამ ანსამბლის რეპერტუარში პირველად გაჟღერდა ჯეიმს ბრაუნის პირველი სიმღერა “PLEASE, PLEASE, PLEASE”, რაც გახდა მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერის დასაწყისი.

-”ამ სიმღერამ ნამდვილად მიშველა. ლუკმა-პურის მოპოვებისათვის აღარ იყო საჭირო მუსიკის გარდა სხვა სამუშაოს ძებნა. ამან მომცა იმის საშუალება მეკეთებინა ის რისი კეთება მართლა მსურდა.” თქვა ბრაუნმა.

ეს სიმღერა მან 1956 წელს ჩაწერა. დისკი მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ამას მოჰყვა ბრაუნის თავბრუდამხვევი კარიერის დაწყება.

-”სიმღერა “PAPA’S GOTTA BRAND NEW BAG”ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიციაა, რომელიც კი ოდესმე ჩამიწერია. რითმის რამდენჯერმე შეცვლის შედეგად მივიღე ის, რასაც დღეს “FUNK”-ს უწოდებენ.

სწორედ ამ სიმღერის შემდეგ გაჩნდა მიმდინარეობა FUNK, რომელსაც მოგვიანებით SOUL-საც უწოდებდნენ. ამ სიმღერას მოჰყვა კიდევ არა ერთი პოპულარული სიმღერა, რომლებიც ჯეიმს ბრაუნს ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკალური მოღვაწეობის პარალელურად ჯეიმს ბრაუნი ძალზე აქტიურად იყო ჩაბმული შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვის საქმეში, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი მიმართვები ახალგაზრდა შავკანიანებისადმი პოზიტიური ხასიათისა ყოფილიყო.

-”სამოციან წლებში ძალზე დიდი აქცენტი კეთდებოდა რასიულ დაპირისპირებაზე. ახლა კი მგონია, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა აქცენტი ურთიერთ სიყვარულზე გაგვეკეთებინა.”-აღნიშნა ბრაუნმა.

მისი კარიერის განმავლობაში დაღმასვლასაც ჰქონდა ადგილი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც მოდაში დისკო შემოვიდა ჯეიმს ბრაუნის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისში გამოდის მისი სიმღერა LIVING IN AMERICA, რითაც ბრაუნმა კიდევ ერთხელ შეახსენა თავი აუდიტორიას. 1986 წელს მისი გვარი როკენ როლის დიდების სიაში იქნა შეყვანილი. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ელვის პრესლის გარდა არცერთ პოპ მუსიკოსს არ ჰქონია ისეთი მიღწევები როგორც ჯეიმს ბრაუნს: საუკუთესო ასი სიმღერის სიებში მთლიანობაში მისი 94 სიმღერა მოხვდა, ხოლო საუკეთესო ოცი სიმღერის სიებში ყველა მუსიკოსთან შედარებით მისი ყველაზე მეტი სიმღერა შევიდა. ჯეიმს ბრაუნმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე ქალაქ ავგუსტაში გამართა საშობაო კონცერტი. მას საახალწლოდ ნიუ-იორკში ბიბი კინგის ბლიუზ-კლუბში ჰქონდა დაგეგმილი გამოსვლა. ამ შესანიშნავმა მომღერალმა და კომპოზიტორმა წარუშლელი კვალი დასტოვა ამერიკული პოპულარული მუსიკის ისტორიაში.

XS
SM
MD
LG