ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2006 წელს მსოფლიოში გარდაიცვლილი ცნობილ ადამიანები


მიმდინარე წლის 31 იანვარს მარტინ ლუთერ კინგის მეუღლე, კორეტა სკოტ კინგი გარდაიცვალა. 1950- 60 წლებში ქალბატონი კინგი მისი მეუღლის მხარდამხარ იბრძოდა რასობრივი თანასწორუფლებიანობისათვის. 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ, კორეტამ მეუღლის დაუსრულებელი საქმე გააგრძელა. მან შეერთებულ შტატებში მარტინ ლუთერ კინგის დღის ოფიციალურად აღნიშნვის დაწესებასაც მიაღწია. ქალბატონმა კინგმა აგრეთვე მიაღწია მისი მეუღლის სახელობის ცენტრის გაახსნას ქალაქ ატლანტაში. კორეტა კინგი 78 წლისა გარდაიცვალა.

1980-90 წლებში სერბეთის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მომავალი ბედის უკუღმართობის განჭვრეტა საკმაოდ ძნელი იყო. გასულ მარტს, მილოშევიჩი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საკანში გარდაიცვალა. მას ომის დროს დანაშაულთა ჩადენის ბრალდებით ასამართლებდნენ. მილოშევიჩის პრეზიდენტობისას იუგოსლავია რამდენიმე ქვეყნად დაიშალა. ბოსნიაში მობინადრე სერბებმაც საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა გადაწყვიტეს და იქ მცხოვრები სხვა ეროვნებების წარმომადგენლების გაძევებასა და განადგურებას შეუდგნენ. ამ პროცესს მომავალში “ეთნიკური წმენდა შეარქვეს”. სწორედ ამ ტაქტიკას იყენებდნენ მილოშევიჩის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარები ხორვატიაში და შემდეგ კოსოვოშიც. მილოშევიჩი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მან მხოლოდ სერბების წინააღმდეგ აგრესიას გასცა პასუხი. როდესაც 64 წლის მილოშევიჩი გარდაიცვალა, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

აბუ მუსაბ ალ-ზარქავი, ერაყში მოქმედი, ძალზე ენერგიული და მოუხელთებელი მოთარეშეთა ლიდერი გახლდათ. იორდანიელი ზარქავის ხელწერის მთავარ მახასიათებელს დაუნდობლობა წარმოადგენდა. იგი ახორციელებდა აფეთქებებს, მკვლელობებსა და მძევლებს საკუთარი ხელით კვეთდა თავებს. სწორედ იმ ტაქტიკამ რომლითაც ზარქავი იბრძოდა, შეცვალა 2003 წელს ერაყში შეჭრილ ამერიკელთა მოქმედების გეგმა და ახლა მათ საპოლიციო ოპერაციების განხორციელება უწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ზარქავი ამერიკული საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა, მისი საქმე ერაყში გრძელდება. ზარქავი 39 წლისა გარდაიცვალა.

ამერიკელმა რეჟისორმა რობერტ ალტმანმა 1970 წლებში ფილმის გადაღების ძალზე თავისებური და მისაბაძი სკოლა შექმნა. ერთ-ერთ ომის საწინააღმდეგო კომედიაში მან მასობრივი სცენები, იმპროვიზაცია და ერთმანეთის გადამფარავი დიალოგები შემოიღო. შემდეგ პოერიოდში მისი ფილმები პოპულარობით აღარ სარგებლობდა. თუმცა 1990 წლებიდან მოყოლებული, ალტმანის უკანასკნელ ფილმებს წარმატება წილად ისევ ხვდა. რობერტ ალტმანი გასულ ნოემბერს 81 წლის ასაკსი გარდაიცვალა.

ყოფილი სუკის აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო ისევე გარდაიცვალა, როგორც ცხოვრობდა. მისი სიკვდილი იდუმალებითაა მოცული. 1990 წლების მიწურულს ლიტვინენკომ რუსეთის მთავრობის კრიტიკას მიჰყო ხელი. ყველაზე მძაფრად ის რუსეთის უსიშროების სამსახურს აკრიტიკებდა, რომელსაც მაშინ სათავეში ვლადიმირ პუტინი ედგა.

ლიტვინენკო ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეს იძიებდა, როდესაც იგი მოწამლეს.

43 წლის ლიტვინენკო 23 ნოემბერს რადიოაქტიული მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მოწამვლის ბრძანების გაცემაში თავად რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა. ლიტვინენკოს საქმის ზიებაში ინტერპოლიც ჩაერთო.

ჩილეს ყოფილი დიქტატორის აუგუსტო პინოჩეტის გარდაცვალებამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომხრეები პინოჩეტს ჩილეს მარქსიზმისგან გადამრჩენლად რაცხავენ. მემარცხენეები კი დიქტატორის სიკვდილს ზეიმობენ.

1998 წელს ბრიტანეთში ყოფნისას პინოჩეტი, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ესპანელი მოსამართლეების მოთხოვნით დააკავეს. მას ესპანეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა. მოგვიანებით ბრიტანეთმა ყოფილი დიქტატორი ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით ჩილეში დაბრუნების უფლება მისცა.

ჩილეშიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიზეზით პინოჩეტმა სასამართლო პროცესს თავი დააღწია. სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე პინოჩეტმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კისრულობს ყველაფერზე, რაც კი მისი მმართველობის ეპოქაში მოხდა. აუგუსტო პინოჩეტი 10 დეკემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG