ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: გიო მგელაძის ახალი ფილმი


ირაკლი ჩარკვიანის ერთ-ერთი უკანასკნელი სიმღერა, კინო რეჟისორ გიო მგელაძის ახალი ფილმის ლაიტმოტივი, უფრო სწორი კი იქნება ვთქვათ - ფილმის მთავარი იდეაა. ამიტომაც ის გიო მგელაძემ ფილმის საუნდტრეკად აქცია.

“ჩემი თვითმფრინავი” ასე ქვია ფილმს, რომლის პრემიერაც გუშინ კინოთეატრ “ამირანში” გაიმართა.

90-იანი წლების დასაწყისი, აფხაზეთის ომის პერიოდი. 4 მეგობარი, რომელთა გზები იყოფა. თბილისში არც ერთი რჩება. ერთი მონასტერში მიდის, ორი მათგანი ომში, მთავარი გმირი, რომლის როლსაც ახალგაზრდა არა პროფესიონალი მსახიობი ჯუნა თუთბერიძე ასრულებს სამოგზაუროდ, უფრო კონკრეტულად კი შეყვარებულთან, რომელიც 3 წელია არ უნახავს.

ეკრანზე მისი მოგზაურობა ჩანს, ჯერ “სიყვარულის ქალაქი” პარიზი, შემდეგ ამსტერდამი და ბოლოს ანტვერპენი. არ ვიცით ეს ჯუნასთვის მოგზაურობაა თუ გაქცევა. ალბათ უფრო გაქცევა, მისი შეყვარებულის სახით კი სიმშვიდის ბედნიერების ძიება.

მაგრამ, ფილმის მეორე ნაწილში, სადაც მთავარი გმირი უკვე ამსტერდამშია სიზმარს ხედავს, სიზმარში ის ყველა თავის მეგობართან ერთად ომშია და მათთან ერთად აკობში იმალება.

შემდეგ, ამსტერდამში მცხოვრებ, ყოფილ მეგობართან საუბრის დროს, რომელიც არსებულ ომს და ომში წასულ საერთო მეგობრების საქციელს აკრიტიკებს, ჯუნა ამბობს “იქ ჩვენი ძმები კვდებიან, მე რომ აქ წამოვედი, ეს იმიტომ რომ შემეშინდა”... ამ ეპიზოდიდან უკვე ნათელი ხდება, რომ გიო მგელაძის მთავარი გმირი, ბედნიერების, სიყვარულის საძიებლად გაიქცა, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი მთავარი გმირის მხატრულ სახეზე საუბრობს. როგორია მგელაძის პროტაგონისტი, უკანასკნელი ქართული კინოსათვის უკვე სტერეოტიპად ქცეული გმირი თუ განსხვავევბული?

თეო ხატიაშვილი – ძალიან სტერეოტიპულია და არა მხოლოდ მთავარი გმირი, არამედ მეგობრებიც. უკანასკნელი ქართული კინო, ძალიან შემოიზღუდა და ასახავს ვიწრო თბილისურ ამბებს.

ამ ფილმის გმირებიც არიან ამ გრემოდან ამოზრდილები, ამ გარემოს სტერეოტიპული ნიშნებით. სამწუხაროდ სიახლე არაფერი არ ყოფილა. ფილმიდან ყველაზე მეტად გრჩება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა, რომელიც ემოციურ ფონს ქმნის. ქალი რომელიც უყვარს და სამი წელია არ უნახავს, მის სახლთან მისული მთავარი გმირი დაიმალება, არ დაენახვება და თვითმფრინავით უკან, სამშობლოში გამოფრინდება.

სამშობლო კი ამ შემთხევაში, მისი მეგობრები არიან, მეგობრები რომელნიც ომში იბრძვიან. ჯუნა კი, სწორედ მათთან მირბის, სადაც ყველას ერთი დასასრული აქვს. აქ სიკვდილია, მაგრამ ისინი მაინც აქ ბრუნდებიან.

XS
SM
MD
LG