ბრიუსელში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსა და მოლდოვაში სეპარატისტული რეჟიმებისადმი მხარდაჭერა.
მისივე თქმით, საქართველო და მოლდოვა „უზარმაზარი ზეწოლის“ ქვეშ იმყოფებიან, ხოლო რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტებისადმი და იმ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნა მხოლოდ არასტაბილობას უწყობს ხელს. „სანამ ეს ქვეყნები შიგნით გახლეჩილები არიან, და სანამ გრძელდება ღია მხარდაჭერა სეპარატისტული რეჟიმების მიმართ, ამ ქვეყნებს გაუჭირდებათ თავიანთი პოტენციალის რეალიზება“, - განაცხადა ნიკოლას ბერნსმა.
მისი თქმით, ეუთომ უნდა გააფართოვოს საქმიანობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აიძულოს თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლება დემილიტარიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბერნსის განცხადებაზე რეაქციის სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: „გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარმა ქმედებებმა შესაძლოა მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციამდე მიგვიყვანოს და პრობლემების მოგვარება შეაფერხოს“.