ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ქრისტოფერ ჰილი პეკინს ჩაფრინდა


ბატონმა ჰილმა კონსულტაციები უნდა იქონიოს ჩინეთის ოფიციალურ პირებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებების განახლებაზე. აშშ ამტკიცებს, რომ ფხენიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას თუ იგი მზადაა კონკრეტული ვალდებულებეი აიღოს თავის თავზე მისი ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხში. ბატონმა ჰილმა პეკინის აეროპორტში შემდეგი განცხადება გააკეთა:

-”ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ორგანიზებულად მიუდგეთ ამ საკითხს და ყველაფერი მოვამზადოთ, რათა ექვსმხრივი მოლაპარაკება მკვდარი წერტილიდან დაიძრას. იმედი გვაქვს, რომ ამას მალე ექნება ადგილი. ჩვენ ჩვენს ჩინელ მასპინძლებთან გვექნება საუბარი მოლაპარაკების კონკრეტული თარიღის ირგვლივ.”

ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკება შესაძლოა დეკემბრის დასაწყისში დაიწყოს. ბატონი ჰილი ხვალ ხვდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. პეკინში მასთან ერთად კონსულტაციებისთვის ჩამოსულები არიან მოთათბირეები იაპონიასა და სამხრეთ კორეიდან.

პეკინის სახალხო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგემ შუ ინ ჰონგმა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ ფხენიანთან ხელშეკრულების დადების აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც ფხენიანმა გასულ თვეს ბირთვული იარაღი გამოსცადა.

-”სიტუაცია საკმაოდ შეიცვალა მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ეს იარაღი. ფხენიანს სურს, რომ სუპერ სახელმწიფოებმა სცნონ იგი, როგორც ბირთვული სახელმწიფო. “-თქვა ბატონმა ჰონგმა.

აშშ-ი უარს აცხადებს სცნოს ჩრდილოეთ კორეის ეს სტატუსი.

XS
SM
MD
LG