ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ყოფილი ჯაშუში ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონის საავადმყოფოში გარდაიცვალა


რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო 2000 წელს დარჩა ბრიტანეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ლიტვინენკო იკვლევდა რუსი მწერლის და სხვა რიგ მოაზროვნის ანა პოლიტკოვსკაიას დაღუპვის საქმეს და ამ კონტექსტში, როგორც მოგვიანებით დადგინდა 1 ნოემბერს ლონდონის ცენტრში იგი შეხვდა საბჭოთა კავშირის სუკის ყოფილ თამშრომელს და უშიშროების საკითხებში ერთ-ერთ იტალიელ სპეციალისტს. როგორც თვით ლიტვინენკომ თქვა სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო. მისი მდგომარეობა გაუარესდა და იგი ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ვერ შესძლეს დახმარების აღმოჩენა და საბოლოოდ როგორც საავადმყოფოს წარმომადგენელმა ჯიმ დაუნმა განაცხადა ლიტვინენკო 23 ნოემბერს საღამოს ცხრა საათსა და ოცდაერთ წუთზე გარდაიცვალა.

-“იგი მძიმედ იყო ავად, როდესაც 17 ნოემბერს ჩვენს საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმები მაქსიმალურად შეეცადნენ მის გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი მოხერხდა. კვირას საღამოს იგი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს, სადაც მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მისი გადარჩენისათვის”. - განაცხადა ჯიმ დაუნმა საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

თავიდან კონსილიუმი ვარაუდობდა, რომ ლიტვინენკო მოიწამლა საშიში ქიმიკატით ტალიუმით. თუმც, მოგვიანებით ეს ვერსია გამოირიცხა.

-”ჩვენ ყველა ვერსია განვიხილეთ, რათა დაგვედგინა სიკვდილის მიზეზი. ჯერ-ჯერობით მიზეზი არ არის დადგენილი. ამ საქმეს სკოტლანდ იარდი იძიებს “- აღნიშნა ბატონმა დაუნმა.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ გვამის გაკვეთა ნათელს მოჰპენს ამ იდუმალებით მოცულ ტრაგედიას. კრემლმა უარყო რაიმე კავშირი ამ საქმესთან მიმართებაში.

როგორც გაზეთი ლონდონ ტაიმსი იუწყება დღევანდელ ნომერში გარდაცვალებამდე ლიტვინენკომ თავის მეგობარს უთხრა, რომ მათ ვინც იგი მოწამლა მოახერხეს ამის გაკეთება მის მიმართ, მაგრამ ისინი ვერ მოახერხებენ ყველას ლიკვიდირებას ვინც კრემლს აკრიტიკებს. ლიტვინენკოს მეგობრები აცხადებენ, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა მოწამლა იგი პუტინის კრიტიკის გამო.

ლიტვინენკომ მას შემდეგ რაც ბრიტანეთში დარჩა განაცხადა, რომ უშიშროების სამსახური ცდილობდა ბორის ბერეზოვსკის ლიკვიდირებას. მისივე თქმით 1999 წელს რუსეთში საცხოვრებელი შენობების აფეთქებები კორდინირებული იყო რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ, რასაც ჩეჩნეთის მეორე ომი მოჰყვა. საცხოვრებელი შენობების აფეთქების შედეგად სამასამდე კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG