ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოთარეშეებმა ბაღდადის ერთ-ერთი სამთავრობო დაწესებულებიდან ასამდე ადამიანი გაიტაცეს


ერაყის პოლიციის კომანდოსების ფორმაში გადაცმულმა მოთარეშეებმა ბაღდადის ერთ-ერთი სამთავრობო დაწესებულებიდან ასამდე ადამიანი გაიტაცეს.

პოლიციის განცხადებით შეიარაღებულმა პირებმა განათლების სამინისტროს კვლევითი ინსტიტუტიდან გატაცებული ხალხი ოცამდე მანქანაში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შემდეგ ერაყის განათლების მინისტრმა აბიდ დჰაიუბმა ბაღდადის ყველა უმაღლესი სასწავლებელი დაკეტა და აღნიშნა რომ არაერთხელ გააფრთხილა ხელისუფლება უნივერსიტეტებში უშიშროების ზომების განმტკიცების საჭიროების შესახებ.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით ეს ტერორისტული თავდასხმა იყო და არა რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი შუღლის გამოხატულება, რადგან გატაცებულთა შორის შიიტებთან ერთად სუნიტებიც არიან.

დღესვე ბაღდადში ავოტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა. სუნიტი პარტიზანების დასყრდენში ქალაქ რამადიში კი ღამის განმავლობაში 20 ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG