ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოკოითის რეჟიმს დღეები დარჩა


,,ამერიკის ხმის’’ მსმენელთათვის ცნობილია, რომ 12 ნოემბერს ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების დღეს 26 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათში მონაწილეობას ქართველი და ოსი ეროვნების მოსახლეობა მიიღებს. თბილისში იმყოფება პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი , დიმიტრი სანაკოევი, რომელიც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ხვდება და აცხადებს, რომ კოკოითის რეჟიმი არის ფაშისტური და მას ხალხი ტერორში ჰყავს. დიმიტრი სანაკოევს დამთავრებული აქვს ცხინვალის უნივერსიტეტი, ჩიბიროვის დროს მას სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა. დ. სანაკოევი კონფლიქტის ზონის მოსახლეობას მშვიდობასა და განვითარებას, ხოლო დევნილ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნებას ჰპირდება. პირადად მე დამპირდა, რომ აუცილებლად დაეუფლება ქართულ ენას. არჩევნების შესახებ “ეროვნული ხსნის კავშირის“ თავმჯდომარეს, ვლადიმერ სანაკოევს გავესაუბრე, რომელსაც ვკითხე: რამდენად რეალურია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ ახალ, 2007 წელს ცხინვალიდან მოგვილოცავს, რის გამოც სერიოზული კრიტიკის ობიექტიც გახდა. ამაზე ვლადიმერ სანაკოევმა მიპასუხა: რატომაც არაო?! რატომ არ უნდა შეხვდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალ წელს საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ რეგიონში, მითუმეტეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალშია დაბადებული. შეგვიძლია ვლადიმერ სანაკოევს მოვუსმინოთ: - არჩევნები ჩატარდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის მთელ ტერიტორიაზე. მოსახლეობა მხარს გვიჭერს. ესმის ყველას, რომ საჭიროა იყოს ისევ მშვიდობა, ერთმანეთისადმი ნდობა, ნათესავებმა, მეზობლებმა ერთმანეთთან იარონ, რომ არ იყოს საზღვრები. ის იდეა, რომელიც კოკოითის აქვს - სუვერენიტეტი, ეს არ არსებობს. ამის არც მიზეზია და არც არის საჭირო ხალხისთვის. ოსები და ქართველები საუკუნეები ცხოვრობდნენ კარგ ურთიერთობაში, მათი დაშორება არაფრით შეიძლება. კოკოითის რეჟიმს დღეები დარჩა, როგორც ჩვენი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იძახის - დედა ეტირება!

XS
SM
MD
LG