ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

7 ნოემბერს ამერიკელმა ამომრჩეველმა გამოხატა თავისი ნება


7 ნოემბერს ამერიკელმა ამომრჩეველმა აშკარად გამოხატა თავისი ნება იმის თაობაზე რომ ვაშინგტონში საჭიროა ცვლილება, რასაც კაპიტოლიუმზე რესპუბლიკური პარტიის გავლენის შემცირება მოჰყვა თან. პრეზიდენტმა ბუშმა გუშინ გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, თუ რამ გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის დამარცხება. ეგზიტ პოლები იმაზე მიუნიშნებენ, რომ შუალედური არჩევნები კონგრესში ფაქტობრივად რეფერენდუმი გახდა ბუშის პოლიტიკაზე. ამომრჩეველთა 58-ტი პროცენტი არ იწონებს იმას თუ როგორ ართმევს თავს თავის მოვალეობებს პრეზიდენტი ბუში, ხოლო 57-ი პროცენტი კი უკმაყოფილოა ერაყში მიმდინარე ომით.

პრეს-კონფერენციაზე ჯორჯ ბუშმა აღიარა ის, რომ რესპუბლიკელთა დამარცხების უმთავრესი მიზეზი ერაყის ომი გახდა და იქვე გამოაცხადა თავდაცვის მდივნის დონალდ რამსფელდის გადადგომა. მიუხედავად ამისა მან ამერიკის მტრები გააფრთხილა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა მათ წინააღმდეგ შენელდა:

-”არ უნდა აგერიოთ ერთმანეთში დემოკრატია და ბრძოლის ბოლომდე მიყვანის ნებისყოფის მოსუსტება. ამერიკა კვლავაც იბრძვის იმისათვის, რომ თქვენ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეთ. თავისუფლება და დემოკრატია ამერიკის ძალის წყაროა და სწორედ თავისუფლება და დემოკრატია აცოცხლებს მათ, ვის განადგურებსაც თქვენ ასე ლამობთ.”

რამსფელდის შემცვლელად პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფი, 63-ი წლის რობერტ გეითსი დაასახელა.

-”მე დავთანხმდი ამ თანამდებობაზე, რადგანაც დღეს დიდი საშიშროება ექმნება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს, რადგანაც ჩვენი შვილები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ თავისუფლებას. როდესაც პრეზიდენტმა მთხოვა ბატონი რამსფელდის შეცვლა, ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი.” -თქვა რობერტ გეიტსმა ჩვენთან საუბარში.

თავის მხრივ რამსფელდმა მის განცხადებაში შეაფასა რა ექვსი წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მდივნის პოსტზე მისი სამსახური უინსტონ ჩერჩილის ფრაზა მოიყვანა, ჩერჩილისა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ მისი გადაწყვეტილებებისათვის მეორე მსოფლიო ომის დროს.

-”მახსენდება უინსტინ ჩერჩილის ეს ფრაზა : “მე დიდი სარგებელი მივიღე კრიტიკისაგან, რომლის ნაკლებობის ტკივილი არასოდეს განმიცდია”.

პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რამსფელდი ჯერ კიდევ დარჩება მის პოსტზე სანამ გარდამავალი პერიოდის განსაზღვრული პრობლემები არ იქნება დაძლეული.

პრეს კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ისიც აღიარა, რომ რესპუბლიკური პარტიის დამარცხებაში იმ სკანდალებმაც შეიტანა თავისი წვლილი, რომლებიც ბოლო დროს კონგრესში დატრიალდა.

დემოკრატები უკვე აკეთებენ განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებენ. წარმომდაგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ დემოკრატები სახელფასო მინიმუმს გაზრდიან. ეს მინიმუმი დღეს საათში ხუთ დოლარსა და თხუთმეტ ცენტს უდრის. ქალბატონმა პელოსიმ იმ სხვა საკითხებზეც ისაუბრა, რომელთა მოგვარებას დემოკრატები აპირებენ.

-” ჩვენ შევეცდებით ყველაფრის გაკეთებას, რათა კომპანიებმა სამუშაო ადგილები უცხოეთში არ გადაიტანონ. სტუდენტურ სესხებზე სარგებელს გავანახევრებთ, რათა ამით გაუადვილოთ სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება. გავატარებთ ღონისძიებებს, რათა გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და რათა მივაღწიოთ ამერიკის დამოუკიდებლობას ენერგეტიკის სფეროში.”

ნენსი პელოსი წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი თავმჯდომარე გახდება ამერიკის ისტორიაში.

კალიფორნიელებმა ისევ მისცეს ხმა მათ გუბერნატოს არნოლდ შვარცნეგერს. მინესოტამ კონგრესში მის წარმომადგენლად მუსლიმი აირჩია. მასაჩუსეთში პირველად აირჩიეს შავკანიანი გუბერნატორი. არჩევნებმა დადებითი გავლენა მოახდინა საფონდო ბირჟაზე. კვირეების განმავლობაში ვარდნის შემდეგ კურსმა გამოსწორება იწყო.


XS
SM
MD
LG