ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გაზპრომის შანტაჟზე არ წავა


საქართველოში მკვეთრად დაეცა ტემპერატურა, ჰიდრომეტერეოლოგები ჰაერის კიდევ უფრო ვარდნას და ნალექს გვიწინასწარმეტყველებენ. თბილისში დღეს თოვდა. ასეთ პირობებში საქართველოს უწევს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ მოამარაგებს ქვეყანას გაზით, ვინაიდან რუსულ გაზპრომთან თბილისს ხელშეკრულების ვადა წლის ბოლოს ეწურება. საქართველო ხელშეკრულების თანახმად რუსეთს 1000 კუბურ მეტრ გაზში 110 დოლარს უხდიდა, ახალი წლიდან გაზპრომი ტარიფს გაზზე 230 დოლარამდე ზრდის. რუსეთის გაზპრომის ხელმძღვანელობა თბილისის ბრალდებებს პოლიტიკური ზეწოლის შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის ტარიფის გაორმაგებასთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკა არ არის, არის მხოლოდ კომერცია და სთავაზობს თბილისს გაზის საფასური გარკვეული აქტივებით აანაზღაუროს.

თუმცა ამ აქტივებს არ აკონტროლებს. აკონკრეტებენ ქართველი ექსპერტები და გვიხსნიან, რომ ეს აქტივები შეიძლება იყოს საქართველოს რკინიგზა, პორტები, გაზსადენი და სხვა.

საქართველოს პარლამენტში დღეს ძალზე მკვეთრი განცხადებები გაკეთდა საეთოდ მთავრობის მისამართით და განსაკუთრებით, სახელმწიფო მინისტრის ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, კახა ბენდუქიძის მისამართით. მაგრამ კახა ბენდუქიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო გაზპრომის მიერ მოთხოვნილი აქტივების სანაცვლოდ მაგისტრალურ გაზსადენს არ დათმობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო გაზპრომის შანტაჟზე არ წავა !

პარლამენტში დღეს ცხარე დებატები მიმდინარეობდა სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტისგან მოითხოვა პასუხი: რას აპირებს ხელისუფლება? გაასხვისებს თუ არა სტრატეგიულ ობიექტებს?!

ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია მთავრობის სხდომაზეც და პარლამენტშიც!. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი ზედმეტია ,საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია! ამ ზამთარს საქართველოს ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ მას ენერგოდამოუკიდებლობა შეუძლია !

კომენტარისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ლადო პაპავას მივმართე : გაზპრომი მოქმედებს იმ მიმართულებით, რომ შექმნას ლიბერალური იმპერია. ამიტომ, არანაირ კომერციაზე საუბარი არ არის, რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური.


XS
SM
MD
LG