ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელ ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის, საშინაო პოლიტიკის ძირითად საკითხებს ეკონომიკა და იმიგრაცია წარმოადგენს


უკვე დიდი ხანია რაც ცნობილია, რომ ამერიკელები ძირითადად ისეთ კანდიდატებს აძლევენ ხმას, რომლებიც მათი ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვის პირობას იძლევიან. თუმცა ზოგი თვლის, რომ წლევანდელი არჩევნები გამონაკლისი იქნება.

“მთავარი ერაყი, ერაყი და კიდევ ერთხელ ერაყია. ყველაფერი დანარჩენი კი უკვე მას მოსდევს”. ამბობს ამერიკის ინიციატივათა ინსტიტუტის თანამშრომელი კარლი ბოუმანი.

თუმცა ზოგჯერ საგარეო პოლიტიკას საშინაოზე გავლენის მოხდენა ძალუძს. ასე მაგალითად, საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები ადგილობრივ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შიშის საბაბს იძლევა.

“ომის წარმოებას დიდი თანხები ესაჭიროება. ფული კი თქვენი ჯიბიდან გადის. ანუ ასეთ შემთხვევაში ძნელია იმის დასვება, რომ ეს ომი მხოლოდ საერთაშორისო მოვლენაა”. ამბობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა დარგის პროფესორი სტივენ ჰესი.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელთა უმეტესობა კონგრესის არჩევნებში დემოკრატებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა პრეზიდენტმა ბუშმა, კონგრესში რესპუბლიკური პარტიის მიერ უმრავლესობის შენარჩუნების მცდელობით, ამერიკის ეკონომიკის სტაბილურ ზრდაზე მიუთითა.

აი რა განაცხადა პრეზიდენტმა ეი-ბი-სის ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით:

“ხმა მიეცით რესპუბლიკელებს. ჩვენ თქვენი დაცვის საუკეთესო გეგმას ვფლობთ. ჩვენ შევინარჩუნებთ დაბალ გადასახადებს, რაც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. ხალხი დასაქმებულია. უმუშევრობა მხოლოდ ოთხ მთელ ექვს მეათედ პროცენტს შეადგენს.”. ციტატის დასასრული.

დემოკრატი სენატორი ნიუ იორკის შტატიდან ჩარლზ შუმერი ამტკიცებს, რომ

ამერიკელები რესპუბლიკელთა მმართველობით უკმაყოფილონი არიან:

“ხალხი ცვლილებებსაა მოწადინებული. ხალხს არ მოსწონს ის მიმართულება, რომლითაც ამერიკა მიდის. ქვეყნის გარეთ, ისინი ერაყში მოვლენების განვითარებითა არ არიან კმაყოფილნი. შიგნით კი საშუალო კლასის დასუსტება არ მოსწონთ”. ამბობს სენატორი.

“ეკონომიკა შერეულ სურათს წარმოადგენს. ბევრი ეკონომიკური მონაცემის თანახმად ხალხი კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არაა. ხალხი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკა კარგ მდგომარეობაში არაა”. ამბობს პოლიტიკური კომენტატორი სტიუ როტენბერგი.

როტენბერგის აზრით, ერაყის სიტუაცია, ეკონომიკის ზრდის ჩათვლით ყველაფერი დანარჩენის აღქმაზე, ნეგატიურად მოქმედებს. თუმცა, ამატებს იგი, საწვავზე ფასების დაცემა მმართველ პარტიას აძლევს ხელს.

რესპუბლიკელები თეთრ სახლს 2001 წლიდან მოყოლებული, ხოლო კონგრესის ორივე პალატას კი ბოლო 10 და 12 წლების განმავლობაში აკონტროლებენ. აქედან გამომდინარე სხვადასხვა წარმატებებს ისევე როგორც წარუმატებლობებს მხოლოდ მათ მიაწერენ.

“გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტი უჭერს მხარს კონგრესის საქმიანობას. პრეზიდენტის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა რიცხვი ჩამოუვარდება უარყოფითად შემფასებლებს. მთავრობის ნდობის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დასული”. ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ უეინი.

მისი აზრით პრეზიდენტსა და მის პარტიას ძალზე ავნო, 2005 წელს ქარიშხალ კატრინას მიერ გამოწვეულ ნგრევაზე დაგვიანებულმა და არაადეკვატურმა გამოხმაურებამ. სულ ახლახანს კი რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ, ელ ფოსტის მეშვეობით ახალგაზრდა თანამშრომელი ვაჟისათვის სასიყვარულო წერილების გაგზავნის ფაქტმაც, ნეგატიურად იმოქმედა რესპუბლიკურ პარტიაზე.

“ძალზე მნიშვნელოვანია ნდობის შენარჩუნება. იმისათვის, რომ დემოკრატიამ იმუშაოს, არჩეულ ლიდერებს ხალხის ნდობა ესაჭიროებათ” განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა სოციალურ საკითხებზე, ისეთებზე როგორებიცაა: აბორტები, ჰომოსექსუალისტთა ქორწინება და ღეროვანი უჯრედების გამოკვლევა, ყურადღება თითქმის არ გამახვილებულა. დიდი ყურადრება ექცევა იმიგრაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ რეფორმას და კონკრეტულად იმ საკითხს, თუ რა ბედი ელის შეერთებულ შტატებსი არალეგალურად მყოფ დაახლოებით 12- მილიონ ადამიანს.

XS
SM
MD
LG