ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირების 80 მებრძოლი გაანადგურეს


პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთის საზღვრის მიდამოებში სამხედრო ვერტმფრენების მეშვეობით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების 80 მებრძოლი გაანადგურეს.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა შაუკატ სულტანმა განაცხადა, რომ დღეს დილით, პაკისტანის სამხედრო ნაწილებმა ქვეყნის ბაჯაურის რეგიონში მდებარერე ისლამური სკოლა-მედრესეში რეიდი მოაწყეს. როგორც ცნობილია ამ სკოლაში ისლამისტ მებრძოლებს ამზადებდნენ:

“მიუხედავად ჩვენი მხრიდან გაფრთხილებისა, სკოლა მაინც არ დაკეტეს. უშიშროების ძალებმა დღეს დილით სკოლაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მედრესე განადგურებულ იქნა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად საჰაერო დარტყმის დროს მედრესეში 70-ათიდან 80 კაცამდე იმყოფებოდა”. განაცხადა ბატონმა სულტანმა.

მედრესეს, პაკისტანის ხელისუფლების მიერ, ალ-ყაიდას მებრძოლებისათვის თავშესაფრის მიცემისა და ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი სასულიერო პირი ხელმძღვანელობდა. პრესმდივანმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საჰაერო დარტყმას უდანაშაულო სამოქალაქო პირთა სიცოცხლე შეეწირა.

მიმდინარე წლის დასაწყისში, იგივე რეგიონში მდებარე სოფელზე, ამერიკელებმაც განახორციელეს საჰაერო დარტყმა. მაშინ ისინი უშედეგოდ ეცადნენ ბინ-ლადენის მოადგილის, ალ-ყაიდას რანგით მეორე მეთაურის აიმან ალ-ზავაჰირის მოკვლას.

გუშინწინ ბაჯაურის რეგიონში, რამდენიმე ათასმა უკანონო შეიარარებული ფორმირებების წარმომადგენელმა, ანტიამერიკული დემონსტრაციაც ჩაატარა.

XS
SM
MD
LG