ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ომი და კონგრესში აგორებული სკანდალები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველზე


როგორც მოგეხსენებათ შეერთებულ შტატებში ორ წელიწადში ერთხელ ამერიკელები კონგრესში თავიანთ წარმომადგენელსა და სენატორთა ერთ მესამედს ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნები კი ამერიკაში ოთხ წელიწადში ერთხელმ იმართება. სწორედ ამ სისტემის შედეგად ხშირად კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლს ერთი რომელიმე პარტია იღებს ხელში, ხოლო თეთრი სახლისას კი მეორე. სავსებით შესაძლებელია, რომ წლევანდელი 7ი ნოემბრის არჩევნების შედეგებმა დემოკრატებს ჩაუგდოს ხელში კონგრესის კონტროლი. თუმც პრეზიდენტი ბუში დარწმუნებულია იმაში, რომ მისი რესპუბლიკური პარტია ისევ უმრავლესობის შემადგენლობით დარჩება კაპიტოლიუმის შენობაში.

-“მე კვლავ ჩემს მოსაზრებაზე ვდგევარ. ჩვენ სენატში რესპუბლიკელი სპიკერი და რესპუბლიკელი ლიდერი გვეყოლება. ამას მე იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი რწმენით ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი ამ კამპანიაში გახლავთ პირველი - ეკონომიკა, მზარდი ეკონომიკა. დღეს ქვეყანაში უმუშევრობის კოეფიციენტი ოთხ მთელსა და ერთ მეათედ პროცენტს შეადგენს.”

პრეზიდენტ ბუშის თქმით მეორე საკითხი არის ეროვნული უშიშროება. საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად მისი ადმინისტრაციის მიერ წარმოებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მთლიანობაში მაინც პოზიტიური გამოხმაურება აქვს. რისი თქმაც ნამდვილად არ არის მართებული ერაყის ომზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის განცხადებასთან ქვეყანაში მზარდი ეკონომიკის თაობაზე.

კარლინ ბაუმანი საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი გახლავთ. ამერიკის ხმასთან საუბარში მან აღნიშნა:

-“ამერიკელები დღეს საკმაოდ პესიმისტურად არიან განწყობილნი. ჩემის აზრით ერაყის ომმა უარყოფითი ზეგავლენა იქონია ამერიკელებზე. სწორედ ამის გამო მათში შეიმჩნევა პესიმიზმი, რომელიც სხვა ისეთ სფეროებთან არის დაკავშირებული, რომლოებიც არანაირ კავშირში არ არიან ერაყის ომთან.”

კარლინ ბაუმანის თქმით ამომრჩეველზე ასევე დიდი ზეგავლენა იქონია იმ პოლიტიკურმა სკანდალებმა, რომლებშიც რესპუბლიკელი პოლიტიკოსები იყვენენ გარეულები. მაგალითად საკმაოდ გავლენიანი ლობისტი ჯეკ აბრამოვი ამხილეს კონგრესმენების მოქრთამვაში. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი ტომ დილეი პასუხისგებაში იქნა მიცემული ფულის კანონის დარღვევით შეგროვების ბრალდებით. წარმომადგენელთა პალატის უგზოუკვლოდ დაკარგული ბავშვებისა და ბავშვთა ექსპლუატაციის პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მარკ ფოლი, კი გადადგა მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ იგი სექსუალური კონოტაციის მქონე იმეილებს აგზავნიდა კონგრესიდან.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა სახელმწიფოს მართვის საკითხებში სტივენ უეინმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ასეთი სახის სკანდალებმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია ქრისტიანებზე, რომელთათვისაც მორალური და ზნეობრივი საკითხები მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და რომლებიც რესპუბლიკელების უმრავლესობას წარმოადგენენ.

-“არა მგონია, რომ ისინი გამოვიდნენ და დემოკრატებს მისცენ ხმა. თუმც, სრულიად შესაძლებელია, რომ მათ საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. და თუკი ქრისტიანული კოალიციის უმეტესი ნაწილი გადაწყვეტს, რომ არჩევნების დღეს დარჩეს სახლში, ეს ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს რესპუბლიკელებზე”.

პოლიტიკურ მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ მთლიანობაში კონგრესის წევრთა უმეტესობას მეორე ვადით აირჩევენ, თუმც საკმარისია რამოდენიმე ადგილის დაკარგვა და შესაძლოა დემოკრატებმა იგდონ ხელთ კონგრესის ორივე პალატის კონტროლი.

XS
SM
MD
LG