ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სასაზღვრო შტატებში მიმდინარე, ქვეყნის კონგრესის წინასაარჩევნო კამპანიაში იმიგრანტთა საკითხს ცენტრალური როლი ენიჭება


შეერთებული შტატების კონგრესმენობის კანდიდატმა არიზონას შტატის მერვე საარჩევნო უბნიდან, რესპუბლიკელმა რენდი გრაფმა მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინააღმდეგობისა, საკუთარი პარტიის ნომიციაში მაინც გაიმარჯვა. ვაშინგტონში მდებარე რესპუბლიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აზრით, გრაფი ძალზე დიდ აქცენტს აკეთებს იმიგრაციაზე და უყურადღებოდ ტოვებს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ მოსაზრებას თავად კანდიდატი უარყოფს:

“ვაშინგტონს ჩვენი საარჩევნო უბანი 2300 მილითაა დაშორებული. მე არა მგონია, რომ იქ მყოფთ სრულად ჰქონდეთ გაცნობიერებული ის თუ რა არის მთავარი აქაური ამომრჩევლისათვის”. ამბობს ბატონი გრაფი.

მიუხედავად იმისა, რომ რენდი გრაფს რესპუბლიკური პარტია ხელს არ უმართავს, საზღვრის უშიშროების მაკონტროლებელი, კერძო ორგანიზაციის “მინითმენის” წევრები მას უჭერენ მხარს. ისინი გრაფს ეხმარებიან მისი დემოკრატი ოპონენტის, გაბრიელ გიფორდის წინააღმდეგ გალაშქრებაში. გრაფი გიფორდს არალეგალური იმიგრანტების ამნისტიის მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

“არალეგალური იმიგრაცია დარტყმას აყენებს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სკოლებს და ჩვენს სასამართლოებს. იგი დარტყმას აყენებს არიზონელ გადასახადების გადამხდელებს. ბოლოს-და ბოლოს გაბრიელ გიფორდმა უნდა აგვიხსნას თუ რა მიზეზით უჭერს მხარს ამნისტიასა და საზღვრის გახსნას. ამბობს რენდი გრაფი.

ქალბატონი გიფორდი ბრალდებას უარყოფს:

“ჩვენ საზღვარი უახლესი ტექნიკური მოწყობილობების საშუალებით უნდა გავაკონტროლოთ. ჩვენ უნდა დავსაჯოთ არალეგალების დამქირავებლები. ჩვენ ძალზე გვესაჭიროება “სტუმარ მუშახელთა” პროგრამის მიღება”. აცხადებს, დემოკრატთა კანდიდატი.

გიფორდის თქმით, “სტუმარ მუშახელთა” პროგრამამ, რომელიც მოქალაქეობის მიღებისაკენ წინ წაწეული ნაბიჯია, არ უნდა მიიღოს იმიგრაციის კანონის დამრღვევთა ამნისტიის სახე.

“ჩვენ, სამხრეთ არიზონელები ძალზე გაბრაზებულები ვართ. ჩვენ არალეგალებისათვის საავადმყოფოებისა და სკოლების ხარჯების დაფარვა გვიწევს. ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა და ფედერალურმა ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს მისი მოგვარება”. ამბობს ბატონი გიფორდი.

მიუხედავად, რომ იმიგრაცია წინასაარჩევნო კამპანიის უმთავრეს საკითხად რჩება, ბევრ ამომრჩეველს ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რას მიემხრობა.

ზოგი უკმაყოფილოა მექსიკიდან კრიმინალური ელემენტების შემოღწევით, მაგრამ ემხრობა პატიოსნად მშრომელი უცხოელების შემოდინებას.

არიზონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგის პროფესორი ბილ დიქსონი ამბობს, რომ სხვა ისეთი საკითხები, როგორებიცაა მაგალითად ტერორიზმი, ერაყის ომი და ჯანდაცვა ამომრჩევლისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს. მისი თქმით, ბოლო დროს ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად გიფორდი დიდი უპირატესობით ლიდერობს. საინტერესოა, რომ გრაფი იმიგრაციის საკითხშიც კი ვერ უსწრებს დემოკრატ ოპონენტს.

“საზღვართან დაკავშირებით, გრაფსა და გიფორდს ამომრჩეველთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს. ყველა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით კი გიფორდი მყარად ლიდერობს”. ამბობს პროფესორი დიქსონი.

მისი თქმით, მათ ვინც საზღვრის კონტროლს უჭერს მხარს, იმიგრაციის მხრდამჭერები უპირისპირდებიან. ზოგს არ მოსწონს ის, რომ არალეგალების სამედიცინო მომსახურება და განათლება მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იფარება. ზოგიც კი სიმპატიითაა განწყობილი იმიგრანტების მიმართ და თვლის, რომ იმიგრანტები ამერიკის ეკონომიკაზე დადებით გავენას ახდენენ.

“კანონის მართლაც გამკაცრების შემთხვევაში, სამხრეთ არიზონის მიწათმოქმედებას სერიოზული პრობლემები შეექმნება”. ამბობს ბატონი დიქსონი.

რენდი გრაფი კი ამტკიცებს, რომ ახალი მამოკითხვის თანახმად იგი ლიდერობს. ტრადიციულად არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ორივე კანდიდატი სატელევიზიო დებატებით გამოსვლას აპირებს.

XS
SM
MD
LG