საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის მთავრობას მიმართა : ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის შეწყვეტისკენ და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვისკენ მოუწოდა. საგარეო უწყების მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესები საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული გაძევების შესახებ თავად რუსეთის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ხორციელდება.
რუსეთისა და მსოფლიოს რელიგიურ ლიდერებს მიმართვა გაუგზავნა სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, რომლის წევრები, 22 სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები მსოფლიოს რელიგიურ პირველ პირებს მოუწოდეს წინ აღუდგნენ ქსენოფობიის და ფაშიზმის გამოვლინებას რუსეთში, რათა რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტოს თავისივე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიმართული დისკრიმინაციული პოლიტიკა და საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეების დევნა.
ასეთი მოწოდებების ფონზე რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია გრძელდება, რაც მიუღებლად და სამარცხვინოდ თავად რუსებსაც მიაჩნიათ. ამის დასტურია მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები პლაკატებით გამოვიდნენ - მე ქართველი ვარ! ერთ-ერთმა პოპულარულმა რუსმა მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ მოსკოვში საქართველოს საელჩოს მიმართა განცხადებით , მან საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვა პროტესტის ნიშნად კრემლის ქმედებებისადმი.
დეპორტირებულ ქართველებს კი უამრავი პრობლემის გადალახვა უხდებათ, მათი განცხადებით, საზღვარზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მათ საზღვრის გადალახვის უფლება მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მისცეს.
დაგვიანებით, მაგრამ პარლამენტში სპეციალური კომისია დაარსდა, რომლის თავმჯდომარედ დეპუტატებმა უმრავლესობის წევრი ნიკა გვარამია აირჩიეს.
კომენტარისთვის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს მივმართე:
- ვფიქრობ, ჩვენ მოგვიწევს ძალიან ხანგრძლივი და დეტალური მუშაობა. რაც შეეხება სამართლებრივ შესწავლას ყველა ცალკეული შემთხვევის, ეს ალბათ ძალიან დიდ დროს და დიდ ენერგიას მოითხოვს..“.