ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები ჩრდილოეთ კორეის კრიზისის მოგვარების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავენ


ფხენიანის მთავარ მოედანზე ათასობით ჩრდილო კორეელი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.

სამთავრობო ტელევიზიის სიტყვებით, “ხალხი, ბირთვული ბომბის წარმატებულ, ისტორიულ გამოცდას” ზეიმობს. თუმცა ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ ირმა ჩინეთის დელეგაციას განუცხადა, რომ 9 ოქტომბერს განხორციელებული ბირთვული აფეთქება დიდი შეცდომა იყო და ხელმეორე აფეთქება აღარ იგეგმება.

დონალდ რამსფელდმა, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან იონ ხვან უნ თან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის შეასრულებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა პირობას, დროის გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ გამოჩნდება.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა სთქვა, რომ ისევე, როგორც ფხენიანის მიერ პირველი აფეთქების მოწყობის სემდეგ, კორეის რესპუბლიკა და შეერთებული შტატები გააგრძელებენ ჩრდილოეთ კორეაზე დაკვირვებასა და შეგროვილი მასალის გაცვლას.

მდივანმა რამსფელდმა დაამოწმა კოლეგის მიერ ნათქვამი და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აზიელ პარტნიორებს ყოველთვის დაეხმარება:

“შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარტნიორებს მტკიცედ უდგას გვერდში და მათ ორმხრივი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამხედრო დაცვის გარანტიას აძლევს”.

ამ დროს კი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, ტოკიოსა და სეულში სტუმრობის შემდეგ პეკინსაც ეწვია. მდივნის შორეულ აღმოსავლეთში ვიზიტი, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული ერთობლივი სტრატეგიის გამომუშავებას ისახავს მიზნად. ქალბატონმა რაისმა, რომელმაც ფხენიანის მიერ განხორციელებულ ბირთვულ აფეთქებას სერიოზული პროვოკაცია უწოდა, გამოთქვა შიში იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის სხვა არასანდო რეჟიმებისთვის მიცემა ძალუძს. თუმცა მან ფხენიანს ექვსმხივი მოლაპარაკებების განახლებისაკენ მაინც მოუწოდა:

“ორივე, პრეზიდენტი ჰუცა და პრეზიდენტი ბუშიც პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებას უჭერენ მხარს. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აუცილებლად და უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და 2005 წელს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე უნდა იზრუნოს”.

გასული წლის ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ჩინეთი რუსეთი და სამხრეთ კორეაც იღებდნენ. პეკინის მხრიდან დაიმედების მიუხედავად, სამხრეთ კორეამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სეულს თანამედროვე იარაღით შეერთებული შტატები ამარაგებს. ქვეყანაში აგრეთვე ოცდაათი ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.

XS
SM
MD
LG