ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ აღაშფოთა !


საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ამ დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია წარმოადგენს, რომლის მიხედვით ბოლო დროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გართულებაზე პასუხისმგებლობა, კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრა. უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა ქართული მხარის მიერ მოსკოვის 1994 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო, თბილისს სამხედრო რიტორიკისაგან და პროვოკაციული მოქმედებებისაგან, განსაკუთრებით კოდორის ხეობაში, თავის შეკავება ურჩია.

რეზოლუციაში ხაზგასმით აღინიშნა დსთ-ს მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების მნიშვნელოვანი როლის შესახებ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. გაეროს დამკვირვებელთა მისიას მანდატი მომავალი წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდა, რაც ავტომატურად ნიშნავს რუსი სამშვიდობოებისთვის ანალოგიური ვადით მანდატის გაგრძელებას.

აღნიშნული რეზოლუცია სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, ასევე პოლიტიკური სპექტრისთვის.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს რეზოლუციასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართვა გაუგზავნა. დ.გამყრელიძის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუცია საზოგადოებაში ბადებს რამდენიმე ბუნებრივ კითხვას მ.სააკაშვილისადმი :

რას ემსახურებოდა ბოლო პერიდში რუსების წინააღმდეგ გადადგმული უმწვავესი ნაბიჯები, თუ საქართველო კვლავ რჩება დსთ-ს წევრი, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - ისევ ყველაფერს კანონიერად განაგებენ რუსი სამხედროები?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გამწვავებას მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს სრული ბლოკადა და ქართველების დამამცირებელი დეპორტაციები რუსეთის მხრიდან.

რას აპირებს საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 12 ნოემბერს დაგეგმილ დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით ?

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას განცხადების შემდეგ, ხომ არ გახდება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ოფიციალური საფუძველი მთელი რიგი ქვეყნებისთვის. პირველ რიგში რუსეთისთვის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობისათვის?

დ.გამყრელიძეს შემდეგი კითხვით მივმართე, არის თუ არა ახლების ლიდერი მზად საქართველოსთვის რთულ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილს მხარში ამოუდგეს? და რა ფორმით? რაზეც დავით გამყრელიძემ მიპასუხა, რომ მზად არის სამშობლოს ამოუდგეს გვერდით.. „ახლა ყველას ვალია გამონახოს სწორი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან „.

XS
SM
MD
LG