ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაეროს სამშვიდობო ძალებს მანდატს უგრძელებს აფხაზეთში


ამერიკის ხმის კორესპონდენტი პიტერ ჰაინლაინი გაეროს შტაბბინიდან მოგვითხრობს, რომ საბჭო რეზოლუციით საქართველოს მთავრობას მოუწოდებს თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯებისგან რეგიონში.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციის ტექსტი გაეროში რუსეთის წარმომადგენლობამ წარადგინა. უშიშროების საბჭოს 15 წევრმა ამის შემდეგ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, და ოფიციალურ თბილისს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდოს აფხაზეთის უსაფრთხოების პრობლემებს და თავი შეიკავოს იმ ღონისძიებებისგან, რომლებმაც შესაძლოა სიტუაცია გაამწვავოს.

აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ამდენად მანდატი მომავალი წლის აპრილამდე გაუგრძელდათ.

აი რა განაცხადა ამერიკის ხმასთან საუბარში გაეროში რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა:

“ეს რეზოლუცია მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რათა ეს უთანხმოებები მეგობრულ გარემოში გადაწყდეს. რეზოლუცია ასევე გახლავთ რუსეთის ფედერაციის ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებას ისახავს მიზნად. “

გაეროში საქართველოს ელჩმა ირაკლი ალასანიამ კი აღნიშნა, რომ რეზოლუციაში იგნორირებულია აფხაზთის შეიარაღების პროცესი. მან ასევე მკვეთრად გააკრიტიკა გაეროს მშვიდობოსმყოფელების საქმიანობა.

“რეზოლუციის ტექსტი არ აყალიბებს იმას, რომ აფხაზეთში ჩაყენებული სამშვიდობო ძალები ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მანდატით გათვალისწინებულ მთავარ მოვალეობებს-რათა შეიქმნას უსაფრთხოების ისეთი პირობები, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად განდევნილი ქართველი მოსახლეობის დაბრუნების შესაძლებლობას შეჰქმნის რეგიონში.”

XS
SM
MD
LG