ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე კარნეგის მშვიდობის ცენტრში მსჯელობენ


11 ოქტომბერს ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ცენტრში საინტერესო დისკუსია გაიმართა საქართველოში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ ამერიკის ურთიერთობების ფონზე განიხილეს. ამ შეხვედრამ ძალზე დიდი ინტერესი გამოიწვია ვაშინგტონის დიპლომატიურ საზოგადოებაში და წამყვან სამეცნიერო ანალიტიკურ ცენტრებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ტელეკომპანია “ეი-ბი სის” და გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” ჟურნალისტები. ასევე საფრანგეთის, ისრაელის, უკრაინის, ლიტვის, რუსეთის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. მომხსენებლები იყვნენ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების პროექტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბრუს ჯეკსონი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ კინგი და მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი დიმიტრი ტრენინი.

შეხვედრა მიჰყავდა ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომელს, ბატონ მარკ მედიშს, რომელმაც დისკუსიის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი ეცათ მოსკოვში მოკლული ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნისათვის, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ამხელდა ჩეჩნეთში მომხდარ საზარელ დანაშაულებში.

თავისი გამოსვლის დასაწყისში ბატონმა ბრუს ჯეკსონმა აღნიშნა, რომ მთელი რეგიონი ამჟამად ევოლუციის სტადიაში იმყოფება, როდესაც ერთგვარი მეტოქეობა მიმდინარეობს დასავლური ღირებულებებისკენ მიმავალ საქართველოსა და პოსტსაბჭოური იმპერიული მენტალიტეტის მქონე პუტინის რუსეთს შორის. ყველასათვის ცხადია რომ რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამს საქრთველოს სწრაფვას ნატოსკენ და შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირში მის შეასძლო გაწევრიანებას. ბატონი ჯეკსონის თქმით, რაღაც საკითხში საქრთველოსა და რუსეთის ურთიერთობა პუტინის ხელისუფლების დამოკიდებულებას წააგავს კომპანია “იუკოსისადმი”, ასე რომ მოსკოვის მოქმედების შემხედვარე ძნელი სათქმელია საერთოდ შესაძლებელია თუ არა მათთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკება, თუ კრემლში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობის შესახებ.

ბრუს ჯეკსონის თქმით:” ამჟამად რუსეთში ძალზე შემაშფოთებელი სიტუაციაა შექმნილი პოლიტიკური მკვლელობების და ეროვნული ნიშნით ქართველების დისკრიმინაციის ფონზე რაც მათი მასობრივი დეპორტაციის პროცესში გამოიხატება.” ბრუს ჯეკსონის აზრით რუსეთის ხელისუფლების ამ განუკითხაობის ფონზე კარგად გამოჩნდა შეერთებული შტატების და ევროკავშირის პოზიციების სისუსტე, რომელთაც არ ძალუძთ დასავლური ღირებულებების დაცვა.

შემდეგმა გამომსვლელმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ კინგმა აღნიშნა რომ რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება საქართველოში დაკავებული მათი ჯაშუშების მხილების გამო მოულოდნელი არ ყოფილა ამერიკელი პოლიტოლოგებისთვის. მისი თმით:” ამას ხელს უწყობს რუსეთის საზოგადოების სიძულვილი კავკასიელებისადმი, რომლის ამჟამინდელმა გამოვლინებამ ერთგვარი შოკი გამოიწვია ჟურნალისტურ საზოგადოებაში.” მაგრამ ამავე დროს ბატონი კინგის აზრით საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაც იძლეოდა კრემლის გაღიზიანების საბაბს, თუნდაც ამ ჯაშუშებთან დაკავშირებით რომელთა განეიტრალება გაცილებით უხმაუროდ შეიძლებოდა მომხდარიყო.

ჩარლზ კინგის განცხადებით:” პრეზიდენტმა სააკაშვილმა ე.წ. გაყინული კონფლიქტები რუსეთ საქართველოს დაპირისპირების რანგში აიყვანა და ყველას დაანახა რომ ეს არ არის საქართველოს წიაღში წარმოქნილი დავა არამედ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნაწილია. ამ თვალსაზრისს გარკვეული საფუძველი გააჩნია, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კრემლი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეების სტატუს ანიჭებს.” დასძინა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსკოვის კარნეგის ცენტრის წარმომადგენელის ბატონი დიმიტრი ტრენინის მოხსენება, რომელმაც დაწვრილებით მიმოიხილა რუსეთ საქართველოს დაპირისპირების ასპექტები და აღნიშნა რომ :” რუსეთის ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებს საქართველოს დემოკრატიული არჩევანი, მათი უმთავრესი საზრუნავი, საქრთველოს ხელისუფლების სწრაფვაა ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ.

რუსეთში ეშინიათ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის გავლენის გაძლიერების და მთელს ამ კონფლიქტს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ჭრილში განიხილავენ.” დიმიტრი ტრენინის განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას ამჟამად სამი მთავარი ამოცანა ამოძრავებს პირველი, რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, თავიდან აიცილოს ომი საქართველოსთან, მოახდინოს სააკაშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობით და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამოაშოროს საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და მოაქციოს თავისი გავლენის ქვეშ.

ბატონი ტრენინის განმარტებით რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ რომ საქრთველოს მიზანია ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება მოსკოვთან, რაც აუცილებლად გამოიწვევს ამა თუ იმ ფორმით საერთაშორისო საზოგადოების ჩარევას ამ კონფლიქტში ეს კი რუსეთს წამგებიან პოზიციაში ჩააყენებს. საქართველოსაც თავის მხრივ საკუთარი სტრატეგია გააჩნია ამ კონფლიქტში. თბილისი მოსკოვისგან განსხვავებით ღია კარტებით თამაშობს, არ მალავს თავის განზრახვას ქვეყნის გაერთიანების შესახებ და რუსეთ საქრთველოს დაპირისპირება საერთაშორისო საზოგადოების სააშკარაოზე გამოაქვს, რითაც კრემლის მესვეურთა გაღიზიანებას იწვევს.

ამ მხრივ დამახასიათებელია ბატონი პუტინის რეაქცია, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ევროპაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილს გულფიცხი კავკასიელი უწოდა, მაგრამ სულ მალე თავად დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე. ბატონი ტრენინის განცხადებით:” რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ეკონომიკური ომის ტოლფასია, პოლიციის მოქმედება კი წმინდა წყლის ეთნიკური წმენდაა, რაც თავის თავად საზიზღარი მოვლენაა და კონტრპროდუქტიულია როგორც კრემლის მესვეურთა მიზნებისთვის ისე მთლიანად რუსეთის ინტერესებისთვის.”

როგორც დანიელ ტრენინმა აღნიშნა დასავლეთში სააკაშვილის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ წრეებშიც კი არავინ დავობს რომ რუსეთის ხელისუფლების რეაქცია ამ შემთხვევაში არა ადეკვატური იყო. რუსეთის სტრატეგია დამარცხდა, სააკაშვილის ხელისუფლების პოპულარობა კი ერთი ათად გაიზარდა საქართველოს მიმართ კრემლის უგუნური პოლიტიკის გამო. დაასკვნა მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტმა.

დისკუსიის დასასრულს რამდენიმე საკითხზე თავისი კომენტარი გააკეთა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა ბატონმა ვასილ სიხარულიძემ. პირველ რიგში მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდეც იგივე იყო მისი თქმით:” მათ ერთნაირად სძულდათ გამსახურდია და შევარდნაძე, მათ უბრალოდ საქართველოს არჩევანი სძულთ, თუმცა არა მგონია როდესმე საქართველოს ხელისუფლების სათავეში რუსეთმა იმგვარი კაგებეს პოლკოვნიკის მოყვანა შესძლოს როგორიც გიორგაძეა, რომელიც მოსკოვიდან ცდილობს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას.”

თავის გამოსვლაში საქრთველოს ელჩი ამ ბოლო დროს გაჩენილი ერთგვარი მითის გაქარწყლებას შეეცადა თითქოს თბილისი რაღაც ასტრონომიულ თანხებს ხარჯავდეს შეიარაღებისთვის. მისი თქმით:” საქართველოს ყველაზე მცირერიცხოვანი სამხედრო ძალა გააჩნია რეგიონში. რომ არაფერი ვთქვათ თურქეთსა და რუსეთზე საქართველოს ჯარი სამჯერ ოთხჯერ ნაკლებია ვიდრე სომხეთის და აზერბაიჯანის არმია, შესაძლოა ისინი უფრო უკეთ არიან მომზადებულნი, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ნაწილები, მისი შემადგენლობის თითქმის 10%, ამჯამად ერაყსა და კოსოვოში იმყოფება და არა მგონია ვინმე ჭკუათმყოფელმა ომის დაწყების წინ საუკეთესო ჯარისკაცები საზღვარგარეთ გააგზავნოს სხვის დასახმარებლად.”

დასასრულს კამათში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და ჩვენც საქართველოს ელჩის მსგავსად მადლობის მეტი აღარაფერი გვქონდა სათქმელი ამ შეხვედრის ორგანიზატორებისათვის.

XS
SM
MD
LG