ელენე ბარათაშვილი. თბილისი.
დღეიდან რუსეთმა საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლაც შეწყვიტა. თბილისი-ბაქო-მოსკოვის რეისი კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრუდლებოდა. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მგზავრებს გაყიდული ბილეთების საფასურს დაუბრუნებენ. აღსანიშნავია, რომ შექმნილმა რთულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ხელისუფლება და ოპოზიცია დააახლოვა, პოლიტიკური სპექტრი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს ,,ახალი მემერჯვენეები’’-ს თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა, რაც რუსი სამშვიდობოებისთვის სამშვიდობო მანდატის შეწყვეტას გულისხმობს. ასევე დსთ-დან გამოსვლისკენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, ბორის გრიზლოვი რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო დღეებში გართულებულ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს , რომ რუსეთის სადამსჯელო სანქციები მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, და არა ქართველი ხალხის წინაარმდეგაა მიმართული. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლებას - მხარი დაუჭირა. გასული წლის ნოემბერში ევროკავშირის საქართველოსთან დაწყებული მოლაპარაკებები - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა. გუშინ გვიან საღამოს ევროკავშირის ე.წ. „სამეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს მხრიდან - საგარეო მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმის ტექსტს. - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ევროკავშირის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ, - განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა. სამოქმედო გეგმა არსებული თანამშრომლობის საზღვრებს სცილდება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გულისხმობს, როგორიც არის: ევროკავსირთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, რაც თავის მხრივ დიდად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის გატანას; ევროკავშირის როლის გააქტიურებას და გაძლიერებას საქართველოს შიდა ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში; ევროკავშირთან სავიზო საკითხებზე დიალოგის დაწყებას, რაც პერსპექტივაში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივების ხელშეწყობას გულისხმობს და სხვ. აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიღება 14 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლ;ობის საბჭოზე მოხდება. კითხვით საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვალერი ჩეჩელაშვილს მივმართე, თუ როგორ აისახება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ვ. ჩეჩელაშვილი: ...ევროკავშირი უფრო აქტიურად დააყენებს საქართველოს საკითხს რუსეთთან მოლაპარაკების დროს... აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერას სხვა სტუმრებთან ერთად პოლიტოლოგი გია ნოდია ესწრებოდა, რომელსაც კომენტარისთვის მივმართე. გ. ნოდია: რუსეთ-საქართველოს შორის კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროკავშირის სახით ალტერნატიული გზები იპოვოს.