ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წიგნის პრეზენტაცია


რადიო ამერიკის ხმა წარმოგიდეგნთ თემას საზოგადოება. სამშაბათს ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომელიც კავკასიიის ინსტიტუტმა შესთავაზა მკითხველს. წიგნის სახელწოდებაა “საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი”. წიგნში იმ პოლიტიკურ პარტიებზე და დაჯგუფებებზეა საუბარი, რომელნიც საქართველოში მოქმედებენ, მას ამგვარი ქვესათაურები აქვს: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები. დღევანდელ დღეს საქართველოში, მოახლოებული არჩევნების პირობებში საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს, არა იმდენად არჩევნების პროცესი, რამდენადაც შედეგი. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას უმრავლესობა, წინასწარ პროგნოზებში დარწმუნებულია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოცდა იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ყველა ერთხმად სახელისუფლო ჯგუფის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. რა არის ამის მიზეზი, რასაკვირველია მთავარ მიზეზად, სუსტი ოპოზიციური ფრთა სახელდება. დღევანდელ გადაცემაში ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ხელაშვილი და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით აფრასიძე ისაუბრებენ, რომელთაც ზემოაღნიშნული წიგნის გამოცემაში და შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. რამდენად შესაძლებელია დღევანდელ დღეს საარჩევნო პროგნოზის გაკეთება და რატომ არის ეს შესაძლებელი? ექსპერტი გიორგი ხელაშვილი აღნიშნავს.

გიორგი ხელაშვილი – პირველი, იმიტომ რომ პოსტ საბჭოურ ქვეყნებში როგორც წესი, სახელისუფლო პარტია, თავისთავად უფრო წინ დგას და მეორე, ის რომ საქართველოში ეს პარტია საკმაო სტაბილურობით გამოირჩევა, როგორც იდეოლოგიით, ასევე გადადგმული ნაბიჯებით. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, გაცილებით საინტერესოა, ვინ გახდება ნომერი ორი, ეს ბევრ რამეს მიგვანიშნებს, არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრზე, არამედ საზოგადოების განწყობაზეც.

- ის რომ სახელისუფლო ბლოკის ამგვარი უპირატესობა არსებობს, ამას რამდენიმე სავარაუდო მიზეზი აქვს. ერთ-ერთი სავარუდო მიზეზი საარჩევნო ბარიერია, ზოგიერთი ექსპერტი ამ ბარიერის დაწევას თვლის მიზანშეწონილად. დავით აფრასიძე აღნიშნავს.

დავით აფრასიძე – ორივე არგუმენტს აქვს თავისი დადებითი მხარე. პირველი პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ასეთმა ბარიერმა ხელი უნდა შეუწყოს მსხვილი პარტიების ჩამოყალიბებას. მეორეს მხრივ შეუძლებელია არითმეტიკული ჯამი მივიღოთ, მხოლოდ გაერთიანებისგან. და ეს ჯამი ხშირად არ ნიშნავს იმას, რომ ეს პარტიები დიდი რაოდენობის ხმებს მიიღებენ. ასეთი გაერთიანებები როგორც წესი არჩევნების წინ შედგება ხოლმე და შემდეგ როგორც წესი იშლება. ეს იმიტომ რომ შეუძლებელია იდეოლოგიური თვალსაზრისით შეაერთო შეუერთებელი.

- ის რომ ამგვარი წინასაარჩევნოდ გაერთიანებული პარტიები ყოველთვის სუსტია, უკვე განვლილი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიამ გვანახა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც დღეს არსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სახეს ატარებენ და სუსტ ოპონენტებად გვევლინებიან. გიორგი ხელაშვილი მოგვახსენებს.

გიორგი ხელაშვილი – პრობლემა იმდენად არ არის ახლა შექმნილი მომენტი და ეს სუსტი პოლიტიკური პარტიები, რამდენადაც ის რომ არ არსებობს ტრადიცია, არ არსებობს ამ პარტიების გააზრების ტრადიცია, ძალაუფლების ხელში პყრობის ტრადიცია... პრაქტიკულად თუ გავადევნებთ თვალს, 15 წლის განმავლობაში ერთი პარტია მართავს ქვეყანას, ამიტომ მათ არ აქვთ განვითარების არეალი. ეს მათ არაეფექტურობასაც უნდა დავაბრალოთ.

- ასე რომ ახალი წიგნი “საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი”, ამ და სხვა კიდევ უფრო საინტერესო კითხვებზე გაგვცემს პასუხს.

ამერიკის ხმა- ნინია კაკაბაძე თბილისიდან.

XS
SM
MD
LG