ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი, მუსლიმანური ქვეყნების დიპლომატებსა და იტალიის მუსლიმანური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა


რომის პაპი ბენედიქტე მე-XVI-ტე აცხადებს, რომ ქრისტიანებმა და მუსლიმებმა შეუმწყნარებლობისა და ძალადობის წინააღმდეგ, ერთობლივი ძალებით უნდა იღვაწონ და, რომ ორ რელიგიას შორის დიალოგი მსოფლიო მშვიდობის აუცილებელ საწინდარს წარმოადგენს.

დღეს პაპი, რომის შემოგარენში მდებარე პაპთა საზაფხულო რეზიდენციაში კასტელ განდოლფოში, მუსლიმანური ქვეყნების დიპლომატებსა და იტალიის მუსლიმანური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა. პაპმა ფრანგულ ენაზე საუბრისას, ისლამისადმი ღრმა პატივისცემა გამოხატა. იგი შეეცადა მის ნათქვამზე გაშმაგებული მუსლიმანების დაშოშმინებას.

ბენედიქტე XVI-ს არ უსაუბრია იმ შუა საუკუნეების დოკუმენტიდან ამონარიდის შესახებ, რომლის მის მიერ წაკითხვამაც, მსოფლიოს მუსლიმთა მხრიდან გმობა გამოიწვია. მან უბრალოდ აღნიშნა, რომ ის რამაც შეხვედრის მოწყობა გამოიწვია, ყველასათვის კარგადაა ცნობილი. პაპმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა, ორ რწმენას შორის მეგობრობის გაღრმავების საქმეს ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისს, პაპმა მე 14-ტე საუკუნეში მცხოვრები ბიზანტიის იმპერატორის მანუელ პალეოლოგოსის მიერ, ისლამის კრიტიკის ციტირება მოახდინა. ამ ფაქტმა მუსლიმანური სამყაროს განრისხება გამოიწვია. პაპი აცხადებს, რომ მისი ხედვა იმპერატორისას არ ემთხვევა.

XS
SM
MD
LG