ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი- თბილისი გაყინული კონფლიქტების არსებობას აღარ შეეგუება


ელენე ბარათაშვილი. თბილისი.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ი იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა ასამბლეის სესიაზე 22 სექტემბერს არის დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოსვლისას საქართველოში გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ისაუბრებს. შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი კონფლიქტების არსებობას აღარ შეეგუება და მათი მოგვარების საქმეს ბოლომდე მიიყვანს. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენ გადაცემაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თემურ მჟავია გვესაუბრება : - „ საქართველომ სათავე დაუდო თემის წინ წამოწევას გაყინული კონფლიქტებისა პოსტსაბჭოურ სივრცეში და ეს არის უდიდესი წარმატება, რომელსაც მიაღწია არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, სადაც ასევე არსებობს გაყინული კონფლიქტები. ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური იარაღი რუსეთისთვის, რომელსაც იგი ეფექტურად იყენებს უკვე დაახლოებით 20 წელი. ეს არის პრაქტიკა, რომელსაც რეალური შეფასება უნდა მისცეს საერთაშორისო თანამეგობრობამ, პრაქტიკა საკმაოდ აგრესიული, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია ამ შემთხვევაში საქართველოზე, რასაც უპირობოდ უნდა მიეცეს როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი შეფასება. ამას ითვალისწინებს დებატების გამართვა გაეროში, ეს იქნება ალბათ, თემის გახსნა. თუ ეს თემა გაიხსნება, ყველა დონეზე მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ გახსნილად გაყინული კონფლიქტების თაობაზე.. თუ რა სახის კონფლიქტებია, მივცეთ მეცნიერული დეფინიცია და შესაბამისი შეფასება...“.

XS
SM
MD
LG