ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში საწვავი 15 თეთრით გაიაფდა


ელენე ბარათაშვილი

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დღეს ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა თანამშრომლებმა პენსიების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ყოფილი ძალოვანები აპროტესტებენ კანონს, რომლის მიხედვით მათი მაქსიმალური პენსია 560 ლარს შეადგენს. „ ვარდების რევოლუციამდე“ პენსიონერებისთვის მიცემულ დაპირებებს არ ივიწყებს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი კობა დავითაშვილი. დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის ბლოკმა ხელისუფლებას ახალი საპენსიო პროგრამა შესთავაზა, რომელიც ხანდაზმულთათვის თანხის მომატებას ითვალისწინებს. მოვისმინოთ, რას ამბობს აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ავტორი კობა დავითაშვილი : „ ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი, საპენსიო სქემა. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ, როცა კარებზე ვუკრავდით საარჩევნო ბიულეტენებს, ხელისუფლების ლიდერები ვერ იხსენებდნენ დაპირებას - პენსიებს დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით. შემდეგ ხალხის მასობრივმა ბრძოლამ, მათ შორის საპროტესტო აქციებმაც შედეგი გამოიღო და მათ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, რომ ასეთი დაპირება ჰქონდათ და აღიარეს, რომ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიის გაანგარიშება შესაძლებელია. ჩვენ ვთავაზობთ, თითო ნამსახურ წელიწადზე მინიმუმ 1 ლარს. ანუ, თუ ადამიანი მუშაობდა 5 წელი - 38+5ლარი; თუ 25 წელი - 38+25ლარი ; თუ 50 წელი - 38+50 ლარი. ეს სქემა უფრო სამართლიანად მიგვაჩნია და ვიბრძოლებთ, რომ ეს სქემა გავატაროთ“. არჩევნების წინ ქართული ოპოზიცია ამომრჩევლებს ინფორმაციას აწვდის მსოფლიოში საწვავზე ფასების დაკლების შესახებ, ხოლო იმ გარემოებას, რომ საქართველოში საწვავზე ფასი ძველი რჩება, ხელისუფლებას ადანაშაულებს. თინა ხიდაშელმა „ ამერიკის ხმისთვის “ შემდეგი კომენტარი გააკეთა : „ როცა მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დავარდა, საქართველოში ეს ცვლილება არავის არ უგრძვნია. ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინი ისევ ისე ღირდა 10 დღის განმავლობაში, რაც ღირდა მანამდე..“. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასმა 10-15 თეთრით დაიკლო. შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა 2 დღის წინ საწვავზე მაღალი ფასების შენარჩუნებაში ხელისუფლება დაადანაშაულეს, გუშინ კი საპროტესტო აქციაც გამართეს.

XS
SM
MD
LG