პრეზიდენტის თქმით 11 სექტემბრიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ამერიკის უსაფრთხოება უფრო მეტად არის დაცული თუმცა ტერაქტებისგან დაზღვეული არავინ არ არის.
პრეზიდენტ ბუშის განცხადებით:” ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას ვინც ამ ტერაქტებს შეეწირენ, მათთან ერთად არასოდეს დაგვავიწყდება ისინი ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირა ჩვენი კეთილდღეობისათვის.”
11 სექტემბრის ტერაქტების 5 წლისთავთან დაკავშირებით თავის სატელევიზიო მიმართვაში ჯორჯ ბუშმა აღნიშნა რომ ტერორიზმთან ომი მანამ არ დამთავრდება სანამ ამერიკელები ან ექსტრემისტები გადამწყვეტ გამარჯვებას არ მიაღწევენ. პრეზიდენტმა ბუშმა ამ კონფლიქტს 21 საუკუნის გადამწყვეტი იდეოლოგიური ბრძოლა უწოდა. მისი თქმით არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დასჭირდება ოსამა ბინ ლადენის მოძებნას ამერიკა მაინც მიაღწევს საწადელს და ეს ტერორისტი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.
თავის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ბუშმა ერაყთან ომის დაწყება გაამართლა იმ გარემოებით რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი მთელ მსოფლიოს უქმნიდა საფრთხეს. მისი თქმით:” ამერიკას არ უნდოდა ამ ომის დაწყება. და ყველას სურს რომ ის მალე დამთავრდეს, მაგრამ ომი მანამ არ დამთავრდება სანამ ჩვენ ან ექსტრემისტები გადამწყვეტ გამარჯვებას არ მივაღწევთ.”
სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან ედვარდ კენედიმ პრეზიდენტი ბუში 11 სექტემბრის ტრაღედიით სპეკულირებაში დაადანაშაულა, რომელიც ერაყთან ომში ამერიკელთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს მიუხედავად იმისა რომ სადამ ჰუსეინი სრულიად უდანაშაულოა 5 წლის წინ მსოფლიოს სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონზე განხორციელებულ თავდასხმებში.