ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს დიკ ჩეინის მიაჩნია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ დიდ წინსვლას მიაღწია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში


11 ი სექტემბრის მეხუთე წლისთავის აღნიშნვასთან დაკავშირებით ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ენ ბისისადმი მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში ამერიკამ მილიარდობით დოლარი დახარჯა საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მან კერძოდ თქვა:

- “ჩემის აზრით, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ქვეყანა დავიცვათ ტერორისტებისაგან. დღეს 11-ი სექტემბრის მოვლენების მეხუთე წლისთავს ავღნიშნავთ დაროგორც ხედავთ აშშ-ის მიმართ მსგავსი ტერაქტები აღრ განხორციელებულა. ამას ვერ მივაწერთ შემთხვევითობას.”

ბატონი ჩეინის თქმით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას დიდად შეუწყო ხელი შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის შექმნამ, ისევე როგორც ახალმა პროგრამებმა, რომლებიც
აშშ-ში და უცხოეთში ტერორისტთა საქმიანობისადმი თვალთვალს და იმ პირთა დაკითხვას ითვალისწინებს, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში დააკავეს. მისივე თქმით ტერორიზმთან ბრძოლას კიდევ ხელს უწყობს აშშ-ის ე. წ. პროაქტიური საგარეო პოლიტიკა:

-”ჩვენ ხარისხობრივად ახალი მიდგომა გამოვიყენეთ ამ პრობლემისადმი. გამოვაცხადეთ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და არ მივეცით ამას უბრალოდ სამართალდამცავი ორგანოების დამნაშავეებთან ბრძოლის კვალიფიკაცია. ჩვენ ენერგიულ ზომებს ვატარებთ იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ტერორიზმს. ამის კარგი მაგალითებია ერაყი და ავღანეთი. “

ინტერვიუს დროს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი შეცდომა იქნებოდა დღეს ამერიკის მხრივ იმის დემონსტრირება, რომ იგი უკან იხევს ამ ომში.

-”ეს მხოლოდ გააგულიანებს ჩვენს მტრებს და ძირს გამოუთხრის აშშ-ის მოკავშირეთა პოზიციას ისლამურ სამყაროში. “ - აღნიშნა ბატონმა ჩეინიმ.

ამ აზრს არ ეთანხმება 11-ი სექტემბრის მოკვლევის ყოფილი წევრი ტომას კინი.

-”ჩვენ ამჟამად ძალზე რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. უდავოა ერთი რამ, ერაყში მიმდინარე ომი ერაყის საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. თუ ეს ომი სამოქალაქო ომში გადაიზარდა იგი შეიძლება მთელს რეგიონს მოედოს. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია და ჩემის აზრით სწორედ აი ასეთ ვითარებაში უშვებს ფესვს ტერორიზმი.”

ზემოხსენებული კომისიის კიდევ ერთ წევრს რიჩარდ ბენ ვენისტეს მიაჩნია, რომ ის პრობლემები, რომლებიც ამერიკას ერაყში შეექმნა ჩრდილავს იმ მიზნებს, რომლებიც ბუშის ადმინისტრაციამ 11-ი სექტემბრის მოვლენების შემდეგ დაისახა. მისი თქმით:

-”ოსამა ბინ ლადენი დღესაც ცოცხალია და მოქმედებს. იგი დღესაც რჩება იმ მნიშვნელოვან ფიგურად, რომელსაც ისლამისტი რადიკალები იმედის თვალით შეჰყურებენ. მთელს ისლამურ სამყაროში ერაყის ომი მათი აქტიური მოქმედების ასპარეზი გახდა, ხოლო რაც შეეხება თვით ტერორისტებს 11-ი სექტემბრის მოვლენებამდე მათი რამოდენობა მსოფლიოში ბევრად უფრო ნაკლები იყო ვიდრე დღეს.”

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს აშშ-ი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას ბინ ლადენის შესაპყრობად.

-”ჩვენ არ შევწყვეტთ ბინ ლადენის ძებნას, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის მიმართ არ არის მიმართული. ჩვენი მიზანია ორგანიზაცია ალ ყაიდას ძირფესვიანად ამოძირკვა და მისი სრულიად ნეიტრალიზება.”

XS
SM
MD
LG