ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიმსუქნე თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა


მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით სიმსუქნე თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა.

ამჟამად მსოფლიოში მილიარდ ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს, 300 მილიონი კი იმდენად არის გასუქებული, რომ მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

გაეროს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით 2025 წლისთვის მსუქნების რიცხვი გაორმაგდება.

ერთ დროს სიმსუქნე მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის პრობლემად ითვლებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის თავის ტკივილიც გახდა. მოკლედ ამ ავადმყოფობამ გლობალური ეპიდემიის სახე მიიღო.

დღემდე განვითარებადი ქვეყნების მთავარ პრობლემებად მალარია, ჭლექი და შიდსი ითვლებოდა, მაგრამ ამჯამად სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებები გახდა მათი წუხილის საგანი.

ამ ქვეყნებში სულ უფრო ხშირდება გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, მაღალი წნევა, ინსულტები და კიბოს ზოგიერთი ნაირსახეობა, რომლებიც სიმსუქნისგან არის გამოწვეული.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ურბანიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების, ცხოვრების დონის გაუმჯობესების და მეტი თავისუფალი დროის გაჩენის, პირველ რიგში კი უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგია.

როდ აილენდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის მარკიზა ლაველის განცხადებით მე-20 საუკუნის ორმოცდაათიანი წლების შემდგომ პერიოდში, სიმსუქნე უფრო მეტად თბილი კლიმატის მქონე ქვეყნების მოსახლეობისთვის გახდა დამახასიათებელი.

მისი თქმით:”სიმსუქნე მსოფლიო მასშტაბის პრობლემა გახდა. ღორმუცელობით გამოწვეული ქრონიკული დაავადებები კი მძიმე ტვირთად აწვება მესამე სამყაროს ქვეყნებს.”

საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად 50 წლამდე ასაკის ინდოელი ქალების 25% ჭარბი წონისგან იტანჯება.

მექსიკისა და ურუგვაის მოსახლეობის 20%-იც უზომოდ არის გასუქებული. განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ თანამედროვე ქალაქების მაცხოვრებელთა შორის. მაგალითად სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ბავშვები უფრო მაღლები და მსუქნები არიან ვიდრე მათი თანატოლები სოფელში. ასეთივე მდგომარეობაა ავსტრალიაშიც. მაგრამ მსოფლიოს გლობალიზაციის პირობებში ისეთი მიკარგული ქვეყნებიც კი განიცდიან ჭარბი წონის პრობლემას როგორიც მაგალითად წყნარი ოკეანის კუნძულები, ახალი გვინეა და ამაზონის ჯუნგლებია. თუ კუნძულ რაროტონგას მცხოვრებლების სიმაღლე 1952 წლის შემდეგ 6 სანტიმეტრით გაიზარდა, ამავე დროს მათ შორის სიმსუქნე ისე გახშირდა რომ ჯანმრთელობისთვის საშიში გახდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის სტენლი ულიაჟიკის განცხადებით:’’ გლობალიზაციასთან ერთად მსოფლიოს ერთიანი საკვები სისტემა შეიქმნა. მოხდა მთელი ცივილიზებული სამყაროს “მაკდონალდიზაცია”, აქედან გამომდინარე მძიმე შედეგებით.”

ასე რომ უახლოეს მომავალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სიმსუქნესთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელება.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დიდი ხანია ხალხი ჭამა-სმით იკლავს თავს, ახალ-ახალი რესტორნები კი სოკოებივით იზრდებიან დანგრეულ და გაპარტახებულ ქვეყანაში. მაგრამ სიმსუქნეს ვინ ჩივის ახლა აქ სუბოტექსია მოდაში. გასაოცარია ვინ აიძულებს, ან საიდან შოულობს ეს გამათხოვრებული ხალხი ყოველდღიურად 110 ლარს, რომ ევროპაში სამ-ოთხ დოლარად ღირებული ნაგავი ცეცხლის ფასად შეიძინის და შემდეგ ამ საწამლავით თავისი ახლგაზრდა სხეული და სული გაითახსიროს!?

XS
SM
MD
LG