ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლეები ქართულ მედია სივრცეში


უკანასკნელ დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ მედია სივრცეში, დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თავმჯდომარე ნიკა ტაბატაძის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო.

ქართული საზოგადოება, არ მალავდა გაკვირვებას ამ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პასუხი ჯერაც გაუცემელი რჩება. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ია ანთაძე, მაგალითად, ამ ახალ ცვლილებებში პოლიტიკური ძალების მორიგ გადანაწილებას ხედავს და სწუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული მედია, ჯერ კიდევ, ნაცვლად საზოგადოებრივი ინტერესების გატარებისა, პოლიტიკური გაერთიანებების ინტერესებს იცავს. დაახლოებით მსგავსი შეხედულება აქვს, ჟურნალისტსა და მედია ექსპერტს, ეკა კვესიტაძეს.

ეკა კვესიტაძე – ტაბატაძე, როგორც დასვეს ამ თანამდებობაზე, ასევე უპრობლემოდ გადმოსვეს. ვფიქრობ აქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მე ველოდი, რომ ამ გადაყენების საფუძველზე იქნებოდა ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც ჟურნალისტები გააკეთებდნენ, მაგრამ ამაოდ. ჟურნალისტებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ გააპროტესტეს მათი მეგობრის გადაყენება და არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ როგორი ცენზურა, ზარები, მითითებები მიდიოდა მათ მიმართ. ასევე იყო საუბარი რომ ტაბატაძე შიდა სახელისუფლო დაპირისპირებებს შეწირა, მაგრამ როგორც საზოგადოების წევრისთვის, ეს საინტერესო არ არის, ჩემი ინტერესია, მივიღო იბექტური ინფორმაცია, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის შესახებ. ერთი სიტყვით იყოს დაბალანსებული კონსტრუქციული კრიტიკა, იმაზე რაც ხდება ქვეყანაში.

- ტაბატაძის ბურუსით მოცულ გათავისუფლებას, შედარებით სინათლე შემატა ახალი თავმჯდომარის კანდიდატურამ. ეს უკანასკნელი ფაქტი, გაცილებით მარტივი დასკვნების საშუალებას იძლევა.

ეკა კვესიტაძე – კითხვაზე პასუხი თუ რატომ გადააყენეს ტაბატაძე, უნდა ვეძებოთ ახალ დირექტორში, ის არის სარეკლამო სააგენტო “სარკის” ხელმძღვანელი, რომელიც უკანასკნელ დროს, ამზადებს კლიპებს ხელისუფლების ახალ, აღმშენებლობით საქმიანობებზე. ყველამ ვიცით, რომ ის არის გიორგი არველაძის ახლო მეგობარი, ეს რა თქმა უნდა აღზრავს ლეგიტიმურ ეჭვებს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სურს მათი აღმშენებლობის საქმეები, არა მხოლოდ კლიპებში, არამედ სიუჟეტებშიც წარმოადგინოს. მითუმეტეს რომ ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და შემდეგ საპარლამენტო არჩევნები.

მომავალ გადაცემაში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ქართულ მედიაში არსებულ ახალ ტენდენციებზე.

XS
SM
MD
LG