ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში ქარიშხალ კატრინას მიერ დაზარალებულ შტატებს, სტიქიური უბედურების ერთი წლის თავზე ესტუმრა.


მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების მექსიკის ყურეზე გამავალ სანაპიროს ქარიშხალი კატრინა დაატყდა თავს, უკვე ერთი წელი გავიდა, თუმცა მიუხედავად ამისა დაზარალებული რეგიონის მომავალი ჯერ კიდევ ნათლად არ არის გამორკვეული. ბევრისთვის აღდგენა-აღორძინება მიუწვდომელი იზმანებაა და არა რეალობა.

შეხედეთ, ამბობს ერთ ერთი რესპონდენტი, მთელი წელიწადი გავიდა და ჯერ კიდევ გეგონებათ, რომ სტიქიური უბედურება სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა.

ქარიშხალმა ათასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. გასულ ივლისს დანგრეული სახლების აღსადგენად, თუ ახლების სხვა ადგილას ასაშენებლად, დაზარალებულ მეპატრონეებს გრანტის სახით ცხრა მილიარდი დოლარი გამოუყვეს. ათი ათასობით ადამიანი, ჯერ კიდევ ამერიკის ფედერალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ ტრაილერებში სახლობს, ასობით ათასმა კი სარჩოს მოპოვების მიზნით სხვა შტატებს მიაშურა. ამ მასიურმა გადასახლებამ ახალი ორლეანის ზოგი უბანი საერთოდ დააცარიელა და მოჩვენებებით დასახლებულებს დაამსგავსა.

“მე ძალიან მინდა, რომ ჩემი მეზობლები დაბრუნდნენ. მათ გარეშე აქ თითქმის მარტოდ დავრჩი”. ამბობს ერთ-ერთი დაცარიელებული უბნის დარჩენილი მობინადრე.

პრეზიდენტმა ბუშმა ქარიშხლის წლისთავთან დაკავშირებული ვიზიტი დაზარალებულ რეგიონში, მისისიპის შტატიდან დაიწყო.

“მე სტიქიური უბედურების ერთი წლის თავზე დავბრუნდი იმისათვის, რომ მადლობა მოგიხადოთ თქვენი გულადობისათვის და, რომ კიდევ ერთხელ მოგახსენოთ ის, რომ ფედერალური ხელისუფლება თქვენს გვერდითაა”. განაცხადა პრეზიდენტმა.

შემდეგ პრეზიდენტი ახალ ორლეანს ესტუმრა. ქალაქის ზოგი უბანი აღორზინების გზაზე დგას. ახალი ორლეანის ძველი ნაწილის ცენტრალურ ქუჩაზე ბურბრბონ სტრიტზე, ტურისტებს კვლავინდებურად მრავალი რესტორანი ეპატიჟება. გვერდიგვერდ იმედის ნაპერწკალსაც მოჰკრავთ თვალს და უიმედობასაც.

“ჩემის აზრით, ჩვენ შევძლებთ სიძნელეების გადალახვას. თუმცა ბოლომდე მაინც არ ვარ დარწმუნებული ჩემი ნათქვამის აღსრულებაში”. გვეუბნება ერთ-ერთი ახალ ორლეანელი.

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ რეგიონის აღსადგენად, ფედერალურმა ხელისუფლებამ უკვე 110 მილიარდი დოლარი გამოყო.

ბატონი ბუში აგრეთვე ცდილობს შეერთებული შტატების კონგრესს მიაღებინოს კანონი, რომელიც მექსიკის ყურეზე გამავალ, დაზარალებულ შტატებში ინვესტირების მოსურნეებს გადასახადებს შეუმცირებს. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ვიზიტი ნათლად ასახავს პრეზიდენტის ვალდებულების გრძნობას რეგიონისადმი. პრეზიდენტის მაკრიტიკებლები კი ამბობენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ქარიშხლის შედეგებთან ადმინისტრაციის უუნარო მიდგომას.

XS
SM
MD
LG