ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოზარდი ბავშვები ამერიკაში და სიმსუქნის პრობლემა


თანამედროვე ადამიანის უმოძრაო ცხოვრების წესი, რომ მრავალი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზია დიდი ხანია არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს. უკანასკნელი წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო ადრეულ ასაკში სიმსუქნის შემთხვევებმა.

ამერიკელი ექიმების განცხადებით ბოლო 15 წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა მსუქანი ადამიანების რიცხვი. ამერიკელი ექიმების მონაცემებით ყოველი მეხუთე ამერიკელი ბავშვი ჭარბი წონისგან იტანჯება. შეერთებულ შტატებში ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჩვევიან კომპიუტერთან თამაშს, ტელევიზორი კი საუკეთესო ბეიბი სითერად ითვლება, ამის გამო მოზარდები ნაკლებად მოძრაობენ ბევრს ჭამენ და უზომოდ სუქდებიან.

ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობასთან ერთად ადრეულ ასაკში სიმსუქნის გამომწვევ მიზეზად ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორს ჯოზეფ აფრამს შეერთებული შტატების კვების მრეწველობის მესვეურთა პოლიტიკა მიაჩნია, რომლებიც მოგებაზე დახარბებულნი ყველაფერზე მიდიან თავისი პროდუქციის გასაყიდად.

ილინოისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანები გაცილებით უფრო მეტს ჭამენ, როცა მათ საკვებს დიდი კონტეინერებით აწვდიან. ექსპერიმენტში მონაწილე იმ პირებმა ვისაც დიდი ჯამები ჰქონდათ დარიგებული ორჯერ მეტი ნაყინი შეჭამეს ვიდრე მომცრო ჯამების პატრონებმა.

ამერიკელი ექიმები ბავშვებს ნაკლებ ჭამას და მეტ მოძრაობას ურჩევენ. მათი აზრით მოზარდებმა ყოველდღიურად ერთი საათი მაინც უნდა დაუთმონ სპორტს, თუმცა ევროპელი სპეციალისტები 90 წუთიან ვარჯიშს თვლიან აუცილებლად. იმ ბავშვებისთვის ვისაც ვარჯიშის მიუხედავად უჭირთ გახდომა ათასნაირი სამედიცინო პრეპარატებია შექმნილი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალი პრეპარატი მერიდია, რომლის მიღების შემდეგ პაციენტებმა 9 კილო დაიკლეს ერთი წლის განმავლობაში. ამ წამლის მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის და შაქრის შემცველობას. მერიდია ტვინის უჯრედებზე ზემოქმედების შედეგად მადის დაკარგვას იწვევს. კიდევ ერთი პრეპარატი ქსენიკალი კი ცხიმის გადამუშავებას უწყობს ხელს. მაგრამ დოქტორ აფრამის აზრით სიმსუქნის დაძლევისთვის მარტო სამედიცინო პრეპარატების მიღება არ არის საკმარისი, საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა:” ამას საკმაო დრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდება. სიმსუქნის დასამარცხებლად ჩვენი ქცევის წესების შეცვლა მოგვიწევს.”

ნიუ ინგლანდის სამედიცინო ჟურნალის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებით თუ უახლოეს ხანში არ მოხერხდა სიმსუქნესთან გამკლავება, მაშინ ამერიკელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ორიდან ხუთ წლამდე შემცირდება.

XS
SM
MD
LG