ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოდორის ხეობაში ქართველი სამხედროებისა და შეიარარებული ძალების განლაგება


ამჟამად სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმყოფება, რომელიც სერგეი შამბას უკვე შეხვდა. კარასინმა და დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშვიდობოებისა და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს. კარასინის განცხადებით დაუშვებელია, კოდორის ხეობაში ქართველი სამხედროებისა და შეიარარებული ძალების განლაგება.

გრიგორი კარასინი _ ის რაც ივლისის ბოლოს იქ მოულოდნელად მოხდა, ამან მკვეთარდ უკან დასწია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პრესპექტივა. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა ვეცადოთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ.

კოდორის ხეობის დემილიტარიზაციას სერგეი შამბაც მოითხოვს. მისი განცხადებით კოდორში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების განთავსება პროვოკაციაა.

სერგეი შამბა _ კოდორის ხეობა უნდა იყოს სასწრაფოდ დემილიტარიზებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იყოს არავითარი სამხედრო შენაერთი. შესაძლებელია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან იყოს შექმნილი ადგილობრივი პოლიცია. რაც შეეხება იქ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მოთავსებას, ეს აბსოლუტური პროვოკაციაა.

რუსულ-აფხაზური მხარის განცხადებების შემდეგ, სპეციალური

განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოდგილემ, მამუკა კუდავამ. კუდავამ საკუთარი პოზიცია საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და სამხედრო ატაშეებსაც გააცნო. მისი განცხადებით ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციისას თავდაცვის უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკური დახმარება გაუწია. ამჟამად კი რეგიონში შეიარაღებული ძალების მხოლოდ საინჟინრო შენაერთის მხოლოდ ორი ოცეული იმყოფება, რომელიც ხიდების აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილი სამი დღის განმავლობაში ხეობის მონიტორინგისა და ინსპექტირებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა. კუდავას განცხადებით 1994 წლის ხელშეკრულებით კოდორის ხეობა არ შედის უსაფრთხოების ზონებში და იქ ხელისუფლების ნებისმიერი მძიმე შეიარაღების განლაგება შეიძლება.

კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებასა და მოქმედების კოორდინირებული სქემის შემუშავებაზე დღეს სახელმწიფო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობნენ. ისინი კოდორის ხეობაში სახელმწიფო უწყებების მოქმედების გეგმას განიხილავდნენ. საქართველოს მთავრობა უარყოფითად აფასებს რუსი სამშვიდობოების როლს კონფლიქტურ ზონებში და მათ ჩანაცვლებაზე მუშაობას განაგრძობს, განაცხადეს მინისტრებმა შეხვედრის შემდგომ ბრიფინგზე. გელა ბეჟუაშვილმა

გაეროს მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. გელა ბეჟუაშვილი _ აგვისტოს 20 რიცხვიდან შესაძლებელი იქნება კოდორის ხეობაში გაეროს მონიტორინგის ჩატარება. Aმავდროულად თანაბრად და ერთდროულად გაეროს მონიტორინგი უნდა ჩატარდეს კოდორის ქვედა მხარეს, ტყვარჩელის რაიონის მიდამოებშიც.

რაც შეეხება რუს სამშვიდობოებს, რომელნიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში იმყოფებიან. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს მათი გაყვანა და ჩანაცვლება. ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ამასთან დაკავშირებით განაცხადეს:

ირაკლი ოქრუაშვილი _ ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. არავისთვის საეჭვო არ არის, რომ ჩრდილო კავკასიიდან არსებობს საფრთხის საშიშროება, რომელიც უშუალოდ პრობლემებს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს.

ვანო მერაბიშვილი _ ამ სამშვიდობოების მოღვაწეობა არ არის ეფექტური, ეს უტყუარია. ისინი ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ეჭვი შევიტანოთ ამ სამშვიდობო ძალების ეფეტურობაში, როგორც გალის, ასევე ცხინვალის ტერიტორიაზე.

სამშვიდობოების კრიტიკის გარდა, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოთქვა მზადყოფნა იმისათვის რომ გაიმართოს ორმხრივი შეხვედრა. სახელმწიფო მინისტრმა დღეს აფხაზურ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება სთხოვა.

მერაბ ანთაძე _ ჩვენ მოვუწოდებთ აფხაზურ მხარეს რომ დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. თქვენ იცით მათი განცხადებები _ საკმაოდ საომარი რიტორიკა. მათი პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ამ დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისათვის.

XS
SM
MD
LG