ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოდორის ხეობის მოვლენები და საინფორმაციო ვაკუუმი


ბუნებრივია, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ქართული საზოგადოების ყურადღება მთლიანად იყო მიმართული კოდორის ხეობისაკენ. მთელი მოსახლეობა ცდილობდა მედიის საშუეალებით შეეტყო რა ხდება ხეობაში, როგორია მდგომარეობა და რა ეტაპზეა სპეცოპერაცია. მაგრამ, მოხდა ისე, რომ სამართალდამცავებმა არც მედიის წარმომადგენლები ჩააყენეს საქმის კურსში და ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფეს. რამდენიმე დღის შემდეგ, კი გაირკვა რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი მთელი ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებთან ერთად ხეობაში იმყოფებოდა და მათთვის საჭირო ინფორმაციას აგროვებდა. როგორია ამასთან დაკავშირებით, თვით ჟურნალისტების დამოკიდებულება და მოსაზრებები. გაზეთ “24საათის” რედაქტორის მოადგილე, პაატა ვეშაპიძე:

პაატა ვეშაპიძე – კოდორში შესვლა და ამ ოპერაციის ჩატარება იყო ძალიან დიდ რისკთან დაკავშირებული, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი და კიდევ უფრო გახანგრძლივებულიყო საბრძოლო ვითარებები. ამ რისკის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კარგად დახურა ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ცუდი იყო, რომ უპირატესობა ერთ ტელეკომპანიას მიანიჭეს, ეს იყო ძალიან ცუდი.

ის, რომ ინფორმაცია იყო ბლოკირებული, ამას სააგენტო როიტერის ჟურნალისტიც ამართლებს, მაგრამ უკმაყოფილება ხელისუფლების პრესსმასახურების მიმართ მასაც აქვს.

მაკა ანთიძე – მეც ვთვლი რომ არ იყო საჭირო, იქ ანუ კოდორის ხეობაში, ჩვენი, ჟურნალისტების ზემოთ და ქვემოთ სირბილი. დრო, როდესაც სპეცოპერაციები გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, უნდა დამთავრდეს.

მაგრამ, მოხდა ის, რომ ინფორმაცია მთლიანად დაიბლოკა, პირველად, ოფიციალური განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. ჩემმა კოლეგამ ლონდონიდან დამირეკა და მკითხა, ნამდვილად განათლების მინისტრმა გააკეთა თუ არა კომენტარი. მეორე დღეს, ჩვენ ინფორმაციას გვაწვდიდა გიორგი არველაძე. ესეც ძალიან დიდი ნონსენსია, ასეთ დროს ყველაზე აქტიურად უნდა მუშაობდნენ ძალოვანი სტრუქტურების პრესსამსახურები.

ოდნავ უფრო მძაფრ შეფასებას აძლევს ხელისუფლების მოქმდებას, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე.

ელისო ჩაფიძე – ხელისუფლება გამოვიდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში სამართლებრივი ჩარჩოდან. ამ სპეცოპერაციის დროს მათ შეეძლოთ გამოეცხადებინათ, ლოკალურად იმ რეგიონში, საგანგებო მდგომარეობა, რომლის დროსაც აიკრძალებოდა ყველა იმ სახის ინფორმაციის გადაცემა, რომელიც არ არის საჭირო რომ გავიდეს. და აქედან გამომდინარე ყველა ჟურნალისტი თანაბარ მდგოამრეობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ, მათ ეს არ გააკეთეს და მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტი შეიყვანეს კონფლიქტურ წერტილში, რამაც არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა, მედიის წარმომადგენლები და გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ რაღაც იმალება.

იმედი ვიქონიოთ, რომ სპეცოპერაცია ნამდვილად სარულებულია და მოსახლეობა მშვიდად გააგრძელებს არსებობას.

რადიო ამერიკის ხმა ნინია კაკაბაძე თბილისიდან.

XS
SM
MD
LG