ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნინო ბურჯანაძე ხეობაში  პოლიციის სპეცოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს !


თუ უახლოეს დღეებში კოდორის ხეობაში ვითარება არ გამოსწორდა, ნინო ბურჯანაძე ხეობაში პოლიციის სპეცოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს !

კოდორის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაჩრდილეს სხვა აქტუალური საკითხები, მათ შორის ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება. 2 დღის წინ კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა, რომელიც გასული წლის მაისში ხელისუფლების მიერ გაუქმებულ გასამხედროებულ დაჯგუფებას „ მონადირეს“ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღარ ემორჩილება! ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ 27 ივლისს საქართველოს თავდაცვის ნაწილები ხეობაში შესვლას და „მონადირის“ წევრებისთვის იარაღის ძალით ჩამორთმევას გეგმავენ.

მისივე განცხადებით, მათი განიარაღების შემთხვევაში ხეობის მოსახლეობა შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევს თბილისიდან ჩასულ ძალოვანებს. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა : კვიციანის განცხადება დაგმეს ხეობის უხუცესებმა, მათ განაცხადეს, რომ კვიციანს ხეობის სახელით ასეთი განცხადების გაკეთების უფლება არა აქვს, უხუცესებმა ასევე ხელისუფლებას მიმართეს, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.

განცხადება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ნინო ბურჯანაძის განცხადებით „ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში ოფიციალური პირი აღარ არის და რეგიონის მოსახლეობის აზრს არ გამოხატავს. - თუ უახლოეს დღეებში ვითარება არ გამოსწორდება, არ გამოვრიცხავ პოლიციის სპეცოპერაციის ჩატარებას მინიმალური გართულებებით“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს „ახალმა მემარჯვენეებმა“. ბრიფინგის დასრულების შემდეგ დავით გამყრელიძეს გავესაუბრე :

- „ ფორმა, ასეთი შეიარაღებული გზით პროტესტის გამოხატვის ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია. თუმცა, სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სპეცოპერაციის ჩატარება, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება - არის კატეგორიულად დაუშვებელი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები გადასახადებს ბიუჯეტში ვიხდით არა იმიტომ, რომ მერე ჩვენი ფულით შეძენილი იარაღით და ტყვია-წამლით ჩვენი თანამოქალაქეები ხოცონ და მათი ლიკვიდაცია მოახდინონ“.

XS
SM
MD
LG