ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ავიაცია აგრძელებს ლიბანის დაბომვას


ისრაელის ავიაცია აგრძელებს ლიბანის დაბომვას, ხეზბოლა კი ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებზე სარაკეტო დარტყმებს. ისრაელის პოლიციის განცხადებით ამის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა საპორტო ქალაქ ხაიფაში.

ამასობაში ისარელის საბრძოლო ავიაცია გამუდმებით ბომბავს ლიბანის ქალაქებს სიდონს, ტიროსს, ბეირუთს და ბექაას ველს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ამირ პერეცის განცხადებით შეტევა მანამდე გაგრძელდება სანამ ხეზბოლას რაზმებს საზღვრისპირა ტერიტორიიდან არ გააძევებენ.

მისი თქმით ისრაელი ამჟამად საერთაშორისო ძალების ჩართვას განიხილავს ამ პროცესში, რომელშიც ნატოს მონაწილეობაც არ არის გამორიცხული. ამასობაში სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ შეიძლება საომარ მოქმედებებში ჩაებას, თუ ისრაელის მხედრიონი გააგრძელებს შეტევას ლიბანში.

ამასობაში გაეროს ჰუმანიტარული მისიის კორდინატორმა იან იგლანდმა მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის საბრძოლო ავიაციის მოქმედება:” შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასთან გვაქვს საქმე მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე რაიონებში, რაც ყოველგვარი ჰუმანიტარული კანონების დარღვევაა” ბატონი იგლანდის განცხადებით ისრაელი საშუალებას არ აძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებაში ჩავარდნილ მილიონამდე ადამიანს.

XS
SM
MD
LG