ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გაიხსნა


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, როგორც იქნა, გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც თურქეთის ბიუჯეტს 3,5 მილიონი დოლარი დაუჯდა, მასპინძელმა ქვეყანამ 16 ქვეყნის პრეზიდენტები და სხვა ოფიციალური პირები მიიწვია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნას პრეზიდენტებიდან მხოლოდ ილჰამ ალიევი და მიხეილ სააკაშვილი დაესწრნენ, და რა თქმა უნდა, თავად თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯეთ სეზერი. ნავთობსადენი წელიწადში 50 მლნ. ტონა კასპიის ნავთობს გაატარებს. - ნავთობსადენის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, თუ როგორ აისახება მისი ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკაზე, ამ საკითხებზე „ამერიკის ხმის“ მსმენელთათვის საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი ისაუბრებს : - „ ამ რეგიონისთვის ეს არის მართლაც სტრატეგიული და, მე ვიტყოდი საუკუნის პროექტი. იმიტომ რომ აქ არის რამდენიმე ქვეყანა ჩართული - აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ასევე აშშ-ი, ინგლისის კომპანიები, საერთაშორისო კონსორციუმები.. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან ბევრი თვისებით ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება აქ არ იყოს ისეთი დიდი ეკონომიკური მოგება, მაგრამ თუ შევხედავთ ამას პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ რეგიონისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. იმიტომ იყო, რომ აქ ძალიან დიდი ბრძოლა გაჩაღდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. თუმცა, რუსეთი რაღაც ფორმით მაინც მონაწილეობს, მაგრამ ის, რომ დასავლეთის მიმართულებამ გაიმარჯვა და დასავლეთია აქ მთავარი როლის შემსრულებები, ჩვენთვის ეს სტრატეგიული იყო და მნიშვნელოვანი“.

XS
SM
MD
LG