„ამერიკის ხმის“ მსმენელთათვის ცნობილია, რომ უკვე მე-5 დღეა, რაც რუსეთმა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი გადაკეტა.
-„ მოსკოვი იმედს იტოვებს, რომ ამ დროებით ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებაც და მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება. ეს გამშვები პუნქტი არაერთხელ გამოუყენებიათ ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს რუსეთში კონტრაბანდული იარაღის, ნარკოტიკების და ბოევიკების გადასაყვანად“ - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ თბილისმა ერედვის გამშვები პუნქტი ჩაკეტა, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ შემაშფოთებელ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა : „ არსებული მძიმე სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება. ყველა მხარემ უნდა იმოქმედოს სიტუაციის დასაწყნარებლად . არ უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც საკითხის მოგვარებას დამატებით სიძნელეებს შეუქმნის. ასევე თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისაგან“.
აღნიშნულ პრობლემებზე ჩვენი სტუმარი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე გვესაუბრება :
„ სრულიად ნათელი და მკაფიოა, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება კონფლიქტის ზონაში სამხედრო ესკალაციისთვის.
რუსეთის მასმედიაში ხდება როგორც რუსეთის შიდა საზოგადოებრივი მომზადება შესაძლო ქმედებებისთვის. რუსეთს სურს საერთაშორისო თანამეგობრობას ისე წარმოუდგინოს ვითარება თითქოს ქართული მხარე ემზადება რაღაც სამხედრო პროვოკაციისთვის, რაც აბსოლუტურად გამორიცხული და არარეალურია საქართველოს იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს . საქართველოს სჭირდება სტაბილობა, სიმშვიდე რეგიონებში . კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულიად ნათელია რუსეთის მცდელობა შექმნას სიტუაცია, რათა სამხედრო ესკალაციას ჰქონდეს ადგილი და პროვოცირება მოუხდინოს სამხედრო მოქმედებებს.“.