ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო


დღეს, 10 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც 32 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილი აგვისტოში გახდება.

გამოცდები ტესტის სახით ბარდება, ყველა აბიტურიენტს თავისი საგამოცდო ნაშრომის ნახვის და პასუხების სისწორის შემოწმების საშუალება ექნება განათლების სამინისტროს საიტზე.

საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი უმაღლეს პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც უახლოეს დროს პარლამენტს გადაეცემა განსახილველად და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის შევა ძალაში. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს აკადემიურ განათლებასთან პარალელურად შეიქმნება უმაღლესი პროფესიული განათლების სისტემა.

სხვაობა აკადემიურ და პროფესიულ განათლებას შორის იქნება ის, რომ პროფესიული განათლება ნაკლებად იქნება ორიენტირებული თეორიაზე, ძირითადი ყურადღება პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმობა . აბიტურიენტები პროფესიას, სპეციალობების მიხედვით 2-3 წელიწადში დაეუფლებიან.

რა პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები ? - ამ კითხვით განათლების მინისტრის მოადგილეს ბელა წიფურიას მივმართე.

ბ.წიფურია : „ - წელსაც, როგორც უკანასკნელ ხანებში, საკმაოდ პოპულარულია სამართალმცოდნის, ჟურნალისტის, ექიმის სპეციალობები... აბიტურიენტებმა მრავლად დაასახელეს ისეთი ფაკულტეტები, როგორც მშენებლობა, ინჟინერია, კვების ტექნოლოგია. ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც სახელმწიფოს განვითარების პროცესის კვალდაკვალ გაჩნდა ახალგაზრდებში. ანუ, ახალგაზრდები ირჩევენ იმ სპეციალობებს, რა მიმართულებითაც ხედავენ, რომ პროცესები ვითარდება და ძალიან საინტერესოა, რომ ისინი რეალური და ჯანსაღი შეფასებით გამოირჩევიან ქვეყანაში მიმდინარე დასაქმების თუ სახელმწიფოებრივ განვითარების პროცესებისადმი“.

XS
SM
MD
LG