ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში!


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაპირისპირება გრძელდება. კონკურსის მოწინააღმდეგე პროფესორ-მასწავლებლები, დიდი საბჭოს წევრები სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ. დღეს კი მათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებს და საქართველოს პარლამენტს მიმართვები გაუგზავნეს. ამ დღეებში მათ მხარი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათალიკოს - პატრიარქმა ილია მე-2 დაუჭირა.

პატრიარქმა გუშინ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, მანამდე კი შემდეგი განცხადება გააკეთა : „ ბოლო დროს უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რადგან განათლების რეფორმის შედეგად მრავალ მათგანს, მათ შორის ცნობილ მეცნიერებს, სამსახურის დატოვების და საარსებო საშუალების გარეშე დარჩენის საფრთხე დაემუქრა მაშინ, როდესაც მათი ჩანაცვლება უკეთესი კადრებით ხშირ შემთხვევაში არ ხდება. ჩვენს მეცნიერებს აქვთ დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე. ტოტალიტარული რეჟიმის დროს ისინი იცავდნენ ქართულ კულტურას, ქართულ ენას, იცავდნენ ეროვნულ ფასეულობებს და ამასთან, ქმნიდნენ მსოფლიოში აღიარებულ გამოკვლევებსა და ნაშრომებს. ამის დავიწყება არ შეიძლება. მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში ამჟამად არსებული დაძაბული მდგომარეობა აუცილებლად უნდა განიმუხტოს: ამასთან ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ინტელიგენციის მიმართ ასეთი უხეში მეთოდების გამოყენება დაუშვებელია. ვიმედოვნებთ, განათლების სამინისტროც აირჩევს არა დაპირისპირების, არამედ საკითხის გადაწყვეტის კონსტრუქციულ გზას და პრობლემებს დიალოგის გზით გადაჭრის. დღეს, როდესაც საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენი მეცნიერების პოტენციალისა და ავტორიტეტის უგულვებელყოფა დიდი შეცდომაა“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგეს, პროფესორ თამაზ კალაძეს გავესაუბრე : - კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შევიტანე განაცხადი, სადაც ლექციების კითხვის სტაჟს არ მოითხოვენ, მაგრამ ახლა გავიგე, რომ 40 წელს ზემოთ იქ არ ღებულობენ...“. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ ინფორმაცია ასაკობროვი ცენზის შესახებ კატეგორიულად უარყო : - „ ეს არის არასწორი ინფორმაცია, უფრო სწორედ, დეზინფორმაცია, რომლის მიზანია კონკურსის დისკრედიტაცია...“.

XS
SM
MD
LG