ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეფხისტყაოსანს კითხულობენ


უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში ახალი ტრადიცია დამკვიდრდა. მაგალითად დღეს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეუწყვეტლად კითხულობდნენ “ვეფხის ტყაოსანს”. კითხულობდნენ მოწაფეები, სტუდენტები, პოლიტიკოსები, მწერლები, პოეტები და უბრალოდ საზოგადოების წევრები.

ამ აქციის იდეის ავტორი გახლავთ, მწერალი დათო ტურაშვილი. საიდან გაჩნდა ეს იდეა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი და საჭირო დღეს.

დათო ტურაშვილი – პირველად, მადრიდში სრულიად შემთხვევით ვნახე როგორ კითხულობს მთელი ესპანეთი სერვანტესის “დონ კიხოტეს” და ეს მთელი დღის განმავლობაში პირდაპირი ეთერით იყო ტრანსლირებული. ამიტომ, მაშინ გამიჩნდა იდეა _ რატომ არ შეიძლება საქართველოშიც იყოს ასეთი დღე, როდესაც ყველა, მთელი დღის განმავლობაში წაიკითხავს “ვეფხის ტყაოსანს”, რომელიც დამეთანხმებით, რომ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, ვიდრე “დონ კიხოტე”.

“ვეფხის ტყაოსანი” არ უნდა იყოს მუზეუმი, არ უნდა იყოს მხოლოდ ისტორია, დღეს რომ ვკითხულობ აუცილებლად ვპოულობ ისეთ რამეს, რაც წინა წაკითხვაზე ვერ შევამჩნიე. ამიტომ, მისი ხელმეორედ კითხვა აუცილებელია. თანაც “ვეფხის ტყაოსანი” ძალიან საყვარელი წიგნია ქართველებისათვის. “ვეფხის ტყაოსნის” მნიშვნელობაზე, გუშინაც ბევრს საუბრობდნენ, კამათობდნენ იმაზე თუ რომელია იდეალური გმირი პოემაში, როდის და რა ასაკში უნდა იკითხებოდეს რუსთაველის გენიალური ქმნილება და რა მნიშვნელობა აქვს მას. დავით ამირეჯიბი – შოთა არის ჩვენი ერის ჩამომყალიბებელი, ისევე როგორც იტალიური ენის და სახელმწიფოს შემკვრელი და გამაერთაინებელი არის დანტე, თავისი ხედვით, პიროვნებით და თავისი გენიით.

დღეს ჩვენი რუსთველოლოგიური ძიებები მივიდა თვითონ შოთასთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უნდა ვიპოვნოთ თავად შოთა “ვეფხის ტყაოსანში”, ისევე როგორც უნდა ვიპოვნოთ საქართველოში საქართველო. იმედია ეს აქცია მომავალ წელსაც ჩატარდება და ის აუცილებლად იქცევა ერთერთ ქართულ ტრადიციად და საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება წელიწადში ერთი დღე შოთა რუსთაველს და მის გენიალურ ქმნილებას, “ვეფხის ტყაოსანს” დაუთმოს.

XS
SM
MD
LG