ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაადასტურა !


საქართველოს პრეზიდენტი დღეს სანკტ-პეტერბურგიდან დაბრუნდა, სადაც 2-საათიანი შეხვედრა გამართა რუს კოლეგასთან. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ მათი დიალოგი ორ მეზობელ ქვეყანას შორის შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლისკენ იყო მიმართული.

ქართველი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დადებითად აფასებენ. პოლიტიკოსთა ნაწილი შიშობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სანკტ-პეტერბურგში საკმაოდ პრინციპული არ იქნებოდა და დღეს კმაყოფილებით სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრინციპულობას აღნიშნავდნენ, რაშიც ძნელია მათ არ დაეთანხმო.

თუნდაც, როდესაც პუტინმა ჩეჩნეთში ჩატარებული რეფერენდუმი მოიყვანა მაგალითად და იგივეს გაკეთება ურჩია სააკაშვილს აფხაზეთში, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პარალელის გავლება არასწორია, ვინაიდან აფხაზეთიდან 300-ს ათასზე მეტი ადამიანი ცეცხლით და მახვილით გააგდეს საკუთარი სამშობლოდან და მათ გარეშე ჩატარებული რეფერენდუმი ვერანაირად სამართლიანი ვერ იქნება.

პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე კითხვაზე, დაუახლოვდა თუ არა თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს ამ მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა : სოჭში ვიყავი, იქედან ფეხით შეიძლება გადასვლა საქართველოში... - ვლადიმერ პუტინმა ეს წუთია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაადასტურა, სოჭთან ყველაზე ახლოს აფხაზეთია ! -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

- სანკტ-პეტერბურგში გუშინდელ შეხვედრაზე პუტინი და სააკაშვილი შეთანხმდნენ, რომ თბილისმაც და მოსკოვმაც უნდა გადადგან ნაბიჯები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას შეუწყობს ხელს. - როგორც უკვე აღინიშნა, პარლამენტი პრეზიდენტის პოზიციით კმაყოფილი დარჩა.

როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს არასაპარლამენტო ოპოზიცია ? - ამ კითხვით ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას მივმართე. ჯ. ბაღათურია : ზოგადად ის, რომ შეხვედრა შედგა, თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა ფონი ძალიან ცუდი იყო, ნეგატიური, პირად შეურაცხყოფებამდე მისული. ამიტომ, მოლოდინები ბევრი არ იყო. თუმცა ის მოლოდინი, რაც იყო, ისიც კი არ გამართლდა. პირადად მე ველოდი, რომ პირადი ურთიერთობების ნორმალიზაცია მაინც მოხერხდებოდა...

XS
SM
MD
LG