ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო !


დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო „ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ ვალერი გელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა სასამართლოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, სადაც მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპროტესტებს. პარლამენტის 31 მარტის გადაწყვეტილებას საფუძვლად გელაშვილის დეპუტატობასთან შეუთავსებელი ბიზნეს-საქმიანობა დაედო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვ.გელაშვილის ინტერესებს თანაპარტიელი თინათინ ხიდაშელი და „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი კახა კუკავა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესებს პროცესზე პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია იცავდნენ. თავად ვალერი გელაშვილი კვლავ მეუღლის სამშობლოში, ლიტვაში იმყოფება.

სასამართლო პროცესზე კომენტარისთვის რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ბერძენიშვილს მივმართე . დ.ბერძენიშვილი :

„ - მოსარჩელე მხარე ძალიან ნათლად აყალიბებს პოზიციას, მოითხოვს პარლამენტის წარმომადგენლებისაგან იმის მტკიცებულებას, რომ გელაშვილი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაზეც პავლე კუბლაშვილს პასუხი არა აქვს“. „ - საკონსტიტუციო სასამართლო თუ კანონით იხელმძღვანელებს, უნდა სცნოს ანტიკონსტიტუციურად პარლამენტის დადგენილება დეპუტატ ვ.გელაშვილის პარლამენტიდან გაგდების თაობაზე. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას სასამართლო ხელისუფლების არსებობაზე, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად სადაო საკითხი არ არის. იმდენად აშკარაა მოსარჩელე მხარის, ვ.გელაშვილის და მისივე წარმომადგენლების გამოკვეთილი უპირატესობა. უპირატესობა კი იმიტომ აქვთ, რომ მართლები არიან“.

XS
SM
MD
LG