აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით დღეს თბილისში 2-დღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც დსთ-ს სივრცეში ცეცხლსასროლი იარაღის და მსუბუქი შეიარაღების გავრცელების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობენ პარლამენტარები ალბანეთიდან, ირლანდიიდან, კანადიდან,სენეგალიდან და სხვა.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ სრულდება საქართველოში გაეროს მიერ 2001 წელს მიღებული პროგრამა უკანონო იარაღის და იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ. დეტალურად კონფერენციის შესახებ ჩვენ გადაცემაში კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი გვესაუბრება.
კ.გაბაშვილი : „ - ...იარაღით უკანონო ვაჭრობა, ახანგრძლივებს, თავისთავად, კონფლიქტებს. ჩვენ 2 ასეთი კონფლიქტის, ანუ დაბალი კანონიერების რეგიონი გვაქვს - აფხაზეთი და ცხინვალი, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი ტრიალებს და საერთოდ,იქ ბევრი არალეგალური რამ ხდება. საბჭოთა კავშირის დაშლამ მაშინ იმდენი იარაღი დაარიგა ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომ პრაქტიკულად ცხელ წერტილად აქცია.
გერმანიაშიც კი, ორგანიზებულ ქვეყანაში, როცა ბერლინის კედელი დაინგრა და გადაწყდა, რომ რუსული სამხედრო ძალა იქიდან უნდა გასულიყო, იმ რაოდენობის იარაღი გაყიდეს, დასავლეთ გერმანიას ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუხდა, რომ იარაღის დიდი რაოდენობით გაყიდვა შეეჩერებინათ .“