ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელთან, ბატონ ლოჰაი ბაჰრისთან


ალ-ყაიდას ერაყის რგოლის ლიდერის აბუ მუსაბ ალ-ზარქავის სიკვდილის გამო ზაქარია კიკნაძემ კომენტარი ბაღდადის უნივერსიტეტის ყოფილ პროფესორს, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელს, ბატონ ლოჰაი ბაჰრის სთხოვა.

ბატონ ბაჰრის , ჩვენ დავუსვით კითხვა თუ რას ფიქრობს იგი, ერაყში ალ-ყაიდას ტერორისტული ორგანიზაციის რგოლის ლიდერის, აბუ მუსაბ ალ-ზარქავის მოკვლის შესახებ რომელზეც ახლა მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. მისი აზრით იმოქმედებს თუ არა ეს ერაყში არსებულ სიტუაციაზე.

" რა თქმა უნდა. ბუნებრივია ბინ ლადენის ან მისი ყველაზე დაახლოებული პირის ზავაჰირის დაჭერის ან მოკვლის ცნობა უფრო ძლიერი დიაპაზონისა იქნებოდა, მაგრამ ზარქავის სიკვდილიც ორგანიზაციისათვის უდიდეს დარტყმას წარმოადგენს. იგი რგოლის ლიდერი იყო ერაყში და სოლიდური რეპუტაცია ჰქონდა. არა მარტო იქ არამედ დასავლეთსა და მთელს მსოფლიოში. მისი სიკვდილი უდაოდ უდიდესი დარტყმაა ორგანიზაციისთვის" თქვა მან. პროფესორმა ბაჰრიმ აღნიშნა, რომ ალ-ყაიდამ უკვე განაცხადა, რომ ორგანიზაცია ბრძოლას გააგრძელებს და ერაყში ომის სისხლიან ესკალაციას გამოიწვევს. პროფესორმა დასძინა, რომ ეს სახუმარო განცხადება ნამდვილად არაა და, რომ მას მთელი სერიოზულობით მიდგომა სჭირდება.

“მე ვთვლი, რომ უახლოეს დღეებში ალ-ყაიდა ერაყში შურისძიების აქციას მოაწყობს. ჩვენ არ ვიცით თუ სად მოხდება ეს, ერაყში იორდანიასა თუ სხვაგან, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას ზარქავის სიკვდილის შემდეგ რეორგანიზაცია დასჭირდება, რაც განსაზღვრულ დროს მოითხოვს”. სთქვა პროფესორმა ბაჰრიმ.

თუმცა, გააგრძელა ბატონმა ბაჰრიმ ძნელია იმის თქმა თუ ისევე ქმედითი იქნება ეს ორგანიზაცია, როგორც ეს ზარქავის სიცოცხლეში იყო და რამდენად ეფექტური ლიდერი ჩაუდგება მას ახლა სათავეში. იგი თვლის, რომ ახლა ალ-ყაიდას ერაყში გამოცდის ჟამი დაუდგა და ორგანიზაცია ყველა ღონეს იხმარს, რათა ზარქავის სიცოცხლეში მოპოვებული სახელი არ დაკარგოს.

პროფესორმა დაამატა, რომ წინასწარმეტყველებას იმის შესახებ თუ რა დრო დასჭირდება ორგანიზაციის რეორგანიზებას ძნელია." მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება" თქვა მან.

ცნობილია, რომ ზარქავი თავად იღებდა მონაწილეობას მძევალთა მკვლელობებში. ვკითხეთ თუ რას იტყოდა იგი ამ ფაქტის შესახებ?

ნამდვილად ასეა, კვერი დაგვიკრა ბატონმა ბაჰრიმ. და დაამატა, რომ ზარქავი ძალზე დაუნდობელი ადამიანი იყო, და რომ მან საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი რამდენიმე ადამიანს.

ბატონო ბაჰრი, მივმართეთ ჩვენ პროფესორს, როგორ აფასებთ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ზარქავი თავისივე თანამებრძოლებმა გასცეს.

“ყოვლად დასაშვები ფაქტია” მოგვიგო პროფესორმა. ბუნებრივია ამერიკელები და ერაყელები ოპერაციას ისე უბრალოდ ინფორმაციის ქონის გარეშე არ წამოიწყებდნენ. არ უნდა დავივიწყოთ, დაამატა მან, რომ ზარქავის თავი 25 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ეს იგივე თანხაა რაც თავად ბინ ლადენის თავისთვისაა დაწესებული.-თქვა მან

პროფესორმა აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით ამერიკის დაზვერვის სამსახურები ტერორისტული ორგანიზაციის შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ მოქმედებას არ ჩქარობდნენ, არავის არ აპატიმრებდნენ იმ მიზეზით, რომ მათ ალ-ყაიდას ამ რგოლის სიღრმეში შეღწევა ჰქონდათ დაგეგმილი.

“და ახლა, როდესაც ლიდერი მკვდარია, ალბათ ორგანიზაციის სხვა წევრების ნეიტრალიზებასაც მოჰკიდებენ ხელს”. სთქვა ბატონმა ბაჰრიმ.

შეუწყობს თუ არა ზარქავის სიკვდილი ერაყში სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას?

“ნამდვილად, იგი ძალზე დაეხმარა სუნიტებსა და შიიტებს შორის ურთიერთობის გამძაფრებას. თავად სუნიტი არაბი, იგი შიიტებს ურწმუნოებად და ერეტიკოსებად აცხადებდა. სულ რამდენიმე დღის წინ ზარქავიმ მიმართვა გააკეთა შიიტების წინააღმდეგ. თუმცა ბუნებრივია ქალაქ სამარაში, 22 თებერვალს განხორციელებული შიიტური სალოცავის აფეთქებამ ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამძაფრა.” თქვა პროფესორმა ბაჰრიმ.

ბატონმა ბაჰრიმ დაამატა, რომ მას ეჭვი ეპარება, იმაში რომ ზარქავის სიკვდილი სუნიტებსა და შიიტებს შორის ურთიერთობას საბოლოოდ გამოასწორებს. ზალუძს, თუმცა დასძინა “ მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად პოზიტიურად იმოქმედებს ამ ურთიერთობაზე.

XS
SM
MD
LG