ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2006 წლის, ადამიანთა ტრაფიკინგისადმი მიძღვნილი ანგარიში გამოაქვეყნა


აქ მცირეწლოვანნი მძიმე ფიზიკური შრომისთვის არიან განწირულები. ბიჭებს ხე-ტყის ჩეხვა, ხოლო გოგონებს კი პროსტიტუცია უწევთ.

მათი უმეტესობა ღარიბია, ზოგი მათგანი, სიდუხჭირის გამო საკუთარი ოჯახების მიერაა გაყიდული. ზოგიც გაიტაცეს.

მათგან მხოლოდ ძალზე ცოტას თუ გაუღიმებს თავის დახსნის ბედი. ასეთი ბავშვებისათვის რეაბილიტაციის ცენტრების არსებობის მიუხედავად, მათი უმეტესობა საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ ახერხებს და სამუდამოდ გარიყულად რჩება. მათ ბავშვობა წაართვეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადამიანთა ტრაფიკინგი მსოფლიოს ყველაზე დაუცავი ადამიანებს იყენებს და იგი უზარმაზარი არალეგალური ინდუსტრიაა:

“ადამიანთა ტრაფიკინგის სასტიკი სინამდვილე, ამბები გოგონების სექსუალური მიზნით ექსპლუატაციის შესახებ, ამბები კაცებისა და ქალების მონური შრომის შესახებ. მეამბოხეებისა და მოთარეშეების მიერ ჯარისკაცებად პატარა ბიჭების გამოყენება. ყველაზე გულქვა ადასმიანსაც კი შესძრავს”.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე ქვეყნები კატეგორიებადაა დახარისხებული. ბუნებრივია ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ტრაფიკინგის ყველაზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული. აქ ბევრ ქვეყანას ტრაფიკინგში დამნაშავეთა არ დასჯასა და პრობლემის უგულველყოფაში ედება ბრალი.

ელჩ ჯონ მილერს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი მასშტაბებით, ვალის დაბრუნების გამო არსებული მონა მუშახელის პრობლემა ხასიათდება:

“იმათთვის ვინც არ იცის თუ რას ნიშნავს ვალის გადახდის გამო მონობა, ავხსნი, რომ ეს ის სიტუაციაა, როდესაც მაგალითად ბაბუა ჩავარდება ვალში და მის გასასტუმრებლად ფიზიკური შრომა უწევს დამქირავებელთან. შემდეგ ვალის გასტუმრებას მისი შვილი და შვილიშვილიც აგრძელებენ. მათ საწარმოსა თუ ფერმის ერთდროულად დატოვების უფლება არ აქვთ. ისინი მხოლოდ ცალ-ცალკე თუ ახერხებენ საყიდლებზე გასვლას. იმ შემთხვევაში თუ ეს მუშები თვითნებურად ტოვებენ დამქირავებლის კარ-მიდამოს, მათ ეძებენ და პოვნის შემთხვევაში სასტიკად უსწორდებიან”. ამბობს ბატონი მილერი.

იგი ამატებს, რომ საუდის არაბეთი იმ ქვეყანათა რიგშია, რომლებიც ადამიანთა ტრაფიკინგს შემწყნარებლურად უყურებენ. თუმცა ელჩის აზრით, პრობლემას ვერანაირი ეკონომიკური სანქციის სემოღება ვერ უშველის.

“ისინი უბრალოდ არ იღებენ სესხებს არც მსოფლიო ბანკისაგან და არც სავალუტო ფონდისაგან. ამის გარდა, ისინი სერიოზულ საერთაშორისო დახმარებასაც არ იღებენ”. ამბობს ბატონი მილერი.

არსებობს ინფორმაცია, რომ გერმანიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, პროსტიტუციის მიზნით, ქვეყანაში 40 ათასამდე ქალი აპირებს ჩასვლას.

“მეძავების ასეთი რაოდენობით მოზღვავების შემთხვევაში, ტრაფიკინგი აუცილებლად იარსებებს.” აღნიშნავს ელჩი.

ბატონი მილერი აღიარებს, რომ ტრაფიკინგისაგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული. იგი ამბობს, რომ მხოლოდ შარშან იძულებით სხვადასხვა სამსახურის შესასრულებლად შეერთებულ შტატებში 17 ათასამდე ბავშვი, ქალი და მამაკაცი შემოიყვანეს. იგი დადებითად აფასებს მსოფლიო მედიის მხრიდან პრობლემის გაშუქებას, რაც ტრაფიკინგისადმი შეუმწყნარებლობას უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG