ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გოგა ხაინდრავა : იმედი მაქვს, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებში პრაგმატიზმი იზეიმებს !


ბოლო დღეებში უაღრესად დაიძაბა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული ოპოზიცია შექმნილ დაძაბულობაში ხელისუფლებას, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს. კონკრეტულად, რა არის არსებული მდგომარეობის მიზეზი კონფლიქტის ზონაში, ემუქრება თუ არა სამშვიდობო პროცესს საფრთხე ? ამ საკითხებზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში „ახალმა მემარჯვენეებმა“ სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა მოიწვიეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ კომენტარი გააკეთა ახლების წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ :

- „ ეს შეხვედრა დაინიშნა იმის გამო, რომ ცხინვალის რეგიონში აშკარად გართულებული ვითარება არსებობს. ჩვენთვის გასაგებია, რომ რუსული მხარე ცდილობს იქ პროცესის მაქსიმალური ესკალაცია მოახდინოს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო იყო ქართული მხარის პოზიცია : რამდენად შეგნებული გვაქვს, რომ არანაირ პროვოკაციულ ქმედებას არ უნდა წამოვეგოთ,რომ საომარ მოქმედებებში არ უნდა აღმოვჩნდეთ ჩათრეულები... ამგვარი ნაბიჯების გადადგმა შესაძლოა ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ოცნების საერთოდ დასასრულადაც გადაიქცეს“.

როგორც ცნობილია,13 ივნისს სანქტ-პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი. სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აღნიშნულ შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ კონფლიქტის ზონებში ვითარება სერიოზულად დარეგულირდება.

გ.ხაინდრავა : „ - იმედი მაქვს, რომ ჩვენს ურთიერთობებში პრაგმატიზმი იზეიმებს. რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პრობლემების მოგვარება, რაც საქართველოს აწუხებს, იმიტომ რომ გაყინული კონფლიქტების არსებობა და მათი მოუგვარებლობა სამხრეთ კავკასიაში - პირდაპირ ზეგავლენას ახდენს რუსეთის ჩრდილო-კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ამ რეგიონში და ის, თუ როგორ აეწყობა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობები, სამომავლოდ ბევრად განაპირობებს მოვლენებს ჩრდილო კავკასიაში და საერთოდ შავი ზღვის რეგიონში“.

XS
SM
MD
LG